დღეს, ქართველმა არტილერისტებმა 21 წლის იუბილე აღნიშნეს. არტილერიის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, I საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დაღუპულ არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, არმიის მთავარმა სერჟანტმა ალუდა კოპალიანმა და I საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ თაბუკაშვილმა.
არტილერისტებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა საქართველოს მთავრობის სახელით მიულოცა. ირაკლი ალასანიამ მათ ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „დღეს ჩვენს არტილერისტებს დაბადების დღე აქვთ და ყველა, მთელი საქართველო მადლიერია მათი საქმიანობით, ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში. ძლიერი სკოლა გვაქვს არტილერიის და ჩვენი სამინისტროს შეიარაღებული ძალების პრიორიტეტებში ზის, რომ გავაძლიეროთ არტილერია, რადგან, ისინი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი არიან ქვეითთა წარმატების საქმეში და ასევე, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის საქმეში."
დღესვე, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 7 სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის "I ხარისხის მედლით" დააჯილდოვა. "II ხარისხის მედალი" უფროს ლეიტენანტ გიორგი პაპელიშვილსა და კაპიტან გოჩა დავითაძეს გადაეცათ. 15-მა სამხედრო მოსამსახურემ "III ხარისხის მედალი" მიიღო.
I საარტილერიო ბრიგადაში ღია კარის დღეც გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, სკოლის მოსწავლეებმა სპეციალურად ამ დღისთვის ბრიგადაში გამოფენილი სხვადასხვა სახის საარტილერიო ტექნიკა დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
არტილერიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხონში II საარტილერიო ბრიგადაშიც აღნიშნეს.
მასალის გამოყენების პირობები