ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სპეციალური ოპერაციების ძალების კურსი მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გეგმიურ წვრთნას დაესწრნენ. ვაზიანის ბაზაზე იმყოფებოდა ასევე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი. მათ სწავლების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და თეორიული კურსის პროგრამას გაეცნენ.
წვრთნა მოიცავს მისიის დაგეგმვასა და პროცედურებს, აერო-მობილურ მომზადებასა და მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკას. სწავლებაში 50-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებდა მონაწილეობას. მომზადება სპეცდანიშნულების კურსის პირველი ეტაპის ფარგლებში ხორციელდება და მცირე ქვედანაყოფის ტაქტიკის შესწავლას ისახავს მიზნად.
„დღეს ვესწრებით სწავლებებს, რომელიც რეგულარული პროცესია. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ქართველი ჯარისკაცი, რომელიც ხშირად დგებოდა რაოდენობრივად ბევრად უფრო ძლიერი მტრის წინააღმდეგ, ყოველთვის თავისი ინტელექტით, გამჭრიახობით ინარჩუნებდა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, მთლიანობას და სიძლიერეს. დღესაც, ჩვენ ვხედავთ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც სწავლობენ, არა მხოლოდ მექანიკურად საბრძოლო მოქმედებების განხორციელებას, არამედ ინტელექტუალურად ძალიან ღრმა კურსს გადიან. მე დავესწარი ამ სწავლებას და შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ იმ წარმატებებისგან, რაც აქვთ ჩვენს ჯარისკაცებს. კიდევ ერთხელ ვუსურვებ მათ წარმატებას" - განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სამხედრო მოსამსახურეებისთვის წვრთნების მნიშვნელობაზე ისაუბრა: „საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალები ვითარდება. ვატარებთ ძალიან ფართომასშტაბიან, ასევე, კომპლექსურ წვრთნებს. ჩვენი შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ, ჩაატარონ სრულყოფილი ოპერაციები. აქედან გამომდინარე, დღეს პრეზიდენტს საჩვენებელი სწავლება ვუჩვენეთ. სამხედროებმა ძალიან მაღალი შეფასებები დაიმსახურეს".
კურსის გავლის სურვილი სხვადასხვა დანაყოფებიდან 800-მდე სამხედრო მოსამსახურემ გამოთქვა. სწავლის გაგრძელებისთვის ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის 2 წელიწადზე მეტი გამოცდილება წარმოადგენდა. მსურველებს უნარ-ჩვევებსა და ფიზიკურ მომზადებაშიც ჩაუტარდათ საგანგებო ტესტირება. გათვალისწინებული იყო მეთაურის რეკომენდაციებიც. საბაზისო სელექცია 240-მა ჯარისკაცმა დაძლია. შემდგომი ურთულესი ტესტირება 73-მა სამხედრომ გაიარა. მათ 90 პროცენტს ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობის გამოცდილება აქვს მიღებული.
მომზადება სტრესულ სიტუაციაში და რთული კლიმატური პირობების დროს სპეციალურ წვრთნებს მოიცავს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები სპეცდანიშნულების კურსის მომდევნო ეტაპზე გადავლენ, რის შემდეგაც სპეციალური ოპერაციების ძალებში შესაბამის თანამდებობაზე დაინიშნებიან. ანალოგიური კურსის ჩატარება მომავალშიც იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები