საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერებს პატივი მიაგო.
იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად კოჯორ-ტაბახმელას გმირთა მემორიალთან ირაკლი ალასანია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად იმყოფებოდა. მათ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ახალგაზრდების ხსოვნას.
„იუნკერების მაგალითი ჩვენი სამხედროებისთვის, შეიარაღებული ძალებისთვის და თავდაცვის სამინისტროს იუნკერებისთვის არის მაგალითი, თუ როგორ უნდა იცხოვრო და როგორ უნდა მოემზადო შენს ცხოვრებაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დღისთვის, რომელიც შეიძლება ყველა სამხედროს ნებისმიერ წამს დაუდგეს - დაიცვას საკუთარი ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად. ამიტომ, ბუნებრივია, ეს ხსოვნა, ეს პატივის მიგება, მთელი საზოგადოების მხრიდან, მთელი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან სამაგალითოა. მომავალ თაობებს სწორედ მათი მაგალითით აღვზრდით და მივცემთ ქვეყნის დიდი სიყვარულის მაგალითს" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად კოჯორ-ტაბახმელას გმირთა მემორიალთან თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებიც იმყოფებოდნენ. დაღუპულ იუნკერებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებმაც მიაგეს პატივი.
1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში რამდენიმე ასეული იუნკერი დაიღუპა.