თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია „ჯარის მეგობართა საზოგადოების" გამგეობის წევრებს შეხვდა. შეხვედრა დღეს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. საუბარი 2013 წელს ჩატარებულ და 2014 წელს დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხო.
„ჯარის მეგობართა საზოგადოების" წარმომადგენლებთან განვლილი წელი შევაფასეთ. შევთანხმდით 2014 წლის მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე, რათა ჩვენი ჯარი და საზოგადოება კიდევ უფრო დავუახლოვოთ ერთმანეთს. სამხედრო საქმე, მუნდირი - ეს ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული საქმეა და ის ადამიანები, ვინც სამხედრო ფორმას და მუნდირს ატარებენ, საზოგადოებისგან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იმსახურებენ. „ჯარის მეგობართა საზოგადოებასთან" ერთად იმ პროექტებზე ვიმუშავებთ, რომლებიც წლის განმავლობაში განხორციელდება. მეამაყება, რომ საზოგადოების ასეთი თვალსაჩინო ადამიანები, ჯარის მხარდაჭერის საქმეში ჩაერთვებიან"", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
„ჯარის მეგობართა საზოგადოების" ფარგლებში უკვე განხორციელდა სხვადასხვა საინტერესო პროექტი. პერიოდულად იმართება საჯარო ლექციები სამხედრო მოსამსახურეებისთვის ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და კადეტთა ლიცეუმში, ასევე, სამხედრო ნაწილებში. მეგობართა საზოგადოების წევრები სამხედროებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ, ასევე, შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებზე და მათთვის საინტერესო სხვა თემებზე ესაუბრებიან. ინტენსიურად, სპეციალურად სამხედროებისთვის იმართება სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები. სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები სამხედრო მოსამსახურეებისათვის სხვადასხვა სახის ღონისძიებებს უსასყიდლოდ მართავენ.
მასალის გამოყენების პირობები