ევროკავშირმა საქართველოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის შესახებ თხოვნით მიმართა. ოფიციალური მოწვევა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კეტრინ ეშტონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გამოაგზავნა.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 6 თვიანი სამშვიდობო მისია, რომელშიც ქართული ასეული უნდა ჩაერთოს, გაეროს მანდატით ხორციელდება.
აფრიკის კონტინენტზე დაგეგმილ მისიაში ქართული კონტინგენტის ჩართვის შესახებ დღეს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. საქართველოს მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ეგიდით დაგეგმილ მისიაში ქართული მხარის ჩართვას. „დღეს საქართველოს მთავრობამ განიხილა ევროკავშირის თხოვნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩაერთოს ევროკავშირის მიერ წარმოებულ ოპერაციაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ ვიმსჯელეთ და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო ჩაერთვება ამ პროცესში. ეს არის ჰუმანიტარული, მორალურად გამართლებული მისია. მისიას ევროკავშირი ახორციელებს გაეროს რეზოლუციის შესაბამისად. დეტალებზე განხორციელდება მოლაპარაკებები ევროკავშირის თავდაცვის სტრუქტურებთან. მისია 6 თვიანი იქნება, რომელიც მაისში დაიწყება. სამშვიდობო მისიაში ჩართული იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული.
ჩვენი შიარაღებული ძალები პროფესიონალიზმით, საბრძოლო მზადყოფნით, ასევე, ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებთან თავსებადობით გამოირჩევიან. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისია, ისევე როგორც სხვა მისიები, ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის იქნება წარმატებული. ჩვენი სამხედროები წარმატებით შეასრულებენ თავის ამოცანებს და დაუბრუნდებიან ქვეყანას. კონკრეტული დეტალები უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება ცნობილი" - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.