რესპოდენტის შესახებ
_ ქალბატონო სევდია, მას შემდეგ რაც საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი ორჯერ ჩააგდო განაცხადეთ, რომ ბიუჯეტის ახალ პროექტს ხალხთან ერთად დაგეგმავდით და ისე წარუდგენდით თბილისის საკრებულოს. კონკრეტულად როგორ აპირებთ ამის განხორციელებას?
_ აქამდეც დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობის განცხადებებისა და სურვილების საფუძველზე გვქონდა შედგენილი და საერთოდ ბოლო წლებში სწორედ ამ ფორმით მუშავდებოდა ქალაქის ბიუჯეტი. თუმცა დამატებით ვაგრძელებთ შეხვედრას თითოეული რაიონის მოსახლეობასთან, ასევე სპეციალურ ფოკუსჯგუფებთან და შემდეგ უკვე საკრებულოს წარვუდგენთ ხალხთან ერთად დაგეგმილ ბიუჯეტის პროექტს. მართალია, საკრებულოს უმრავლესობა უკვე დაუფარავად აცხადებს, რომ მათ პოლიტიკური მიზანი გააჩნიათ, სურთ გადააყენონ თბილისის მთავრობა და ამას აიძულონ იმით, რომ ბიუჯეტს არ იღებენ, მაგრამ ჩვენ მაინც ვმუშაობთ, რადგან იმედი გვაქვს, გონს მოეგებიან და ასე საშინლად არ მოეპყრობიან ქალაქის მოსახლეობას.. ჩვენ მხარს ვუჭერთ თბილისის საკრებულოს უმცირესობის წინადადებას, რომელიც დღეს წამოაყენეს და საბიუჯეტო კანონმდებლობაში იპოვეს 78-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ შედგინოს ბიუჯეტის პროექტი და ჩვენ მზად ვართ დავეთანხმოთ ბიუჯეტის ამ პროექტს და შიხიაშვილმა ის ბიუჯეტი მიიღოს რაც სურს.
_ საკრებულოს უმცირესობის ინიციატივას უკვე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ქავთარაძე და აღნიშნა, რომ ,,იმ ბიუჯეტის შედგენის პროცესში, რომელიც სევდია უგრეხელიძემ და მისმა გამგებლემბა უნდა ხარჯონ, მონაწილეობას არ მივიღებს".
_ ჩვენ მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, მას აქვს უფლება თავისი სურვილისამებრ შეადგინოს ბიუჯეტის პროექტი. აქედან გამომდინარე ქავთარაძე არ არის უფლებამოსილი, რაიმე განაცხადოს საკრებულოს უმცირესობის შეთავაზებასთან დაკავშირებით, რადგან საკრებულოს თავმჯდომარე არ არის. საკრებულოს თავმჯდომარეც თუ ქავთარაძის ჭკუაზეა, მაშინ ეს საბოლოოდ ცხადყოფს და მთელმა თბილისის მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ ,,ქართული ოცნების" ის უმრავლესობა, რომლებიც ,,ნაცმოძრაობიდან" არიან გადაბარგებული მხოლოდ და მხოლოდ სკამებისთვის და თანამდებობებისთვის იბრძვიან. ის რაც საკრებულოში ხდება, აღარ არის მხოლოდ და მხოლოდ უმრავლესობის ქმედება, როგორც ჩანს დავალებაა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ქმედება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მოქმედი პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან და გეტყვით რატომ. მაგალითად, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გვქონდა შენიშვნები, მაგალითად, ,,რესპუბლიკური პარტიიდან"_გულიკო ზუმბაძის მხრიდან, რომელიც გავითვალისწინეთ, თუმცა ბიუჯეტის პროექტს მან მაინ მხარი არ დაუჭირა. ეს ნიშნავს იმას, რომ ის არად არ იღებს თბილისის მოსახლეობას. ჩვენ მივიღეთ შენიშვნები ზაზა გაბუნიას მხრიდან_ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, რომელიც გავითვალისწინეთ, მაგრამ მან მაინც მხარი არ დაუჭირა თბილისის ბიუჯეტის პროექტს. ე.ი. მათ აქვთ პოლიტიკური მიზანი დაშალონ ქალაქის საკრებულო, შემდეგ თბილისის მერიაში ფედერალური მმართველობა დაინიშნონ, გაყარონ თბილისის მერიიდან ყველა, განსაკუთრებით გამგებლებს ემტერებიან, რადგან პროფესიონალი ადამიანები არიან, მოსახლეობასთან ახლოს არიან და მათზე აქვთ გართულება. მათ სურთ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ხელში ჩაიგდონ ის ბერკეტები, რომლითაც ფიქრობენ, რომ მოსახლეობას უფრო დაუახლოვდებიან და მოიმადლიერებენ. თუმცა ვერ ხვდებიან იმას, რომ ჩვენც წლების განმავლობაში ბევრი გავაკეთეთ მოსახლეობისთვის, მაგრამ არჩევნებზე მხარი არ დაგვიჭირა და წავაგეთ. ეს არ ნიშნავს არაფერს. ასე რომ, ეს არ არის პანაცია და ვერ ხვდებიან რაც უფრო აგრესიულად, არაპროფესიულად მოიქცევიან არ წაადგებათ. თუ რამის იმედი აქვთ ეს არის ის ერთი ორთქმავალი ივანიშვილი რომლის გამოც შეიძლება მხარდაჭერა მიიღონ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მომავალში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმაცია აუცილებლად ეჭვქვეშ დადგება, საარჩევნო გარემოდან გამომდინარე ზეწოლით, ახილით, გადადექი, გადადექი, თბილისის მთავრობას არ ვენდობით, დაკითხვაზე იბარებენ ,,ნაცმოძრაობის" წევრებს.
_ როგორ ფიქრობთ, ის რაც თბილისის საკრებულოში ხდება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯს დააზარალებს?
_ რა თქმა უნდა დააზარალებს. იმ ფონზე რაც ახლა უკრაინაში ვითარდება, ახლა შეიძლება საგრძნობი არ იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს სამომავლოდ არალეგიტიმურობის გარკვეული ხარისხი ექნება და ეს უკვე აქვს კიდეც იმის გამო, რასაც აკეთებენ_დაჭერები, დაბარებები, დაშინებები.
_ ქალბატონო სევდია, საკრებულოში მიმდინარე პროცესებს მიზანმიართულად მართულს უწოდებთ. როგორ ფიქრობთ, არსებობს გარანტია, რომ თუნდაც ხალხის მონაწილეობით დაგეგმილი ბიუჯეტის პროექტს საკრებულო მესამედ მაინც არ ჩააგდებს?
_ საკრებულოს სხვა გზა არ აქვს, თუ შუბლის ძარღვი არ გაწყვიტა და თუ საერთოდ ნამუსზე ხელი არ აუღია. შეუძლია საკრებულოს ბიუჯეტის პროექტი არ მიიღოს, თუმცა ეს სამომავლოდ ირაკლი შიხიაშვილის პასუხისმგებლობის საფუძველი გახდება, სხვა მის დანაშაულებებთან ერთად_თუ რა პიროვნებაა, როგორ მალავს თავის შემოსავლებს, წილებს ა.შ. ეს ყველაფერი გახდება მისი პირადი პასუხისმგებლობის საფუძველი, რომ მან თბილისელების ბიუჯეტი არ დაუმტკიცა, როცა პირადად შეეძლო წარმოადგინა ბიუჯეტის პროექტი და ეს არ გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ პირადი მიზნებიდან გამომდინარე და არა იმის გამო, რომ ბიუჯეტის პროექტი არ მოსწონდა, რითაც დაარღვია კანონი.
_ საკრებულოს 11 მარტამდე აქვს ვადა დედაქალაქის ბიუჯეტის დასამტკიცებლად, რის შემდეგ თბილისის ფედერალური მმართველობა უნდა შემოვიდეს. პროცესების თუ ამ მიმართულებით განვითარდა, მაშინ საფრთხის წინაშე ხომ არ დადგება ის ვალდებულებები რომელიც მერიას თბილისელების წინაშე აკისრია?
_ სავალდებულო არ არის დედაქალაქში ფედერალური მმართველობის შემოღება. უფლება აქვთ დაშალონ საკრებულო და შემოიღონ ფედერალური მმართველობა, მაგრამ აქ მეორე მომენტია. ესეც რომ არ გააკეთონ, ისინი ბიუჯეტს თავისთვის ინახავენ, რადგან დარწმუნებულები არიან, არჩევნების შემდეგ უმრავლესობაში მოვლენ და უნდათ პირადი მიზნებისთვის ისე აფათურონ ბიუჯეტში ხელები, როგორც ახალ ჩვენ გვაბრალებენ, თითქოს, ბიუჯეტს პარტიული მიზნებისთვის ვიყენებთ. არ შემეშინდება და თამამად გეტყვით, რომ მათ გააჩნიათ პირადი მიზნები და უნდათ ბიუჯეტის ფული პირადად და ნათესავებს მოიხმარონ. ფული პარტიული ინტერესებისთვის, არ სჭირდებათ, რადგან ჯერჯერობით ივანიშვილის ორთქლმავალი ქაჩავს, ამიტომ პირადი მოხმარებისთვის სჭირდება გადანახული და დაუხარჯავი ბიუჯეტი. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ბიუჯეტის არდამტკიცების შემთხვევაში მოსახლეობის მინიმალურ მოთხოვნებს დავაკმაყოფილებთ, მაგრამ 30-40%-ით მეტს გავაკეთებდით ბიუჯეტის არსებობის შემთხვევაში. რაც შეხება ახალ პროექტებს ვერაფერს ვერ განვახორციელებთ, ვერ ვიყიდით ავტობუსებს, ვერ ავაშენებთ საბავშვო ბაღებს, ვერ ავაშენებთ მედიათეკებს და ა.შ. ჩვენ მხოლოდ დავაკმაყოფილებთ თბილისელების მინიმალურ მოთხოვნებს ,,ქართული ოცნების" უმრავლესობისა და შიხიაშვილის გადამკიდე. ისინი თბილისელებზე რომ არ ზრუნავენ ფაქტია, მათ უნდათ ბიუჯეტი თავისთვის შეინახონ რათა შემდეგ კარგად შეხრან.
,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტველი.