საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას აგრძელებს. დღეს, ვარკეთილის სამხედრო ქალაქში კიდევ 17 სამხედრო მოსამსახურის ოჯახმა მიიღო ბინა.
ბინების გადასაცემად ვარკეთილში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მისი მოადგილე ვაკო ავალიანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მივიდნენ. მათ პირადად გადასცეს ახალი ბინების გასაღებები ISAF-ის მისიის შესრულების დროს დაღუპული სამხედროს, I კლასის რიგითის ზურაბ გურგენაშვილის ოჯახსა და 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაჭრილ სამხედროს, სერჟანტ ავთანდილ ჯაყელიძეს. მოგვიანებით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საცხოვრებელი ფართები დაათვალიერეს და ახალ მესაკუთრეებს ბინების მიღება მიულოცეს.
„ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, რათა ისინი სოციალურად უზრუნველყოფილნი იყვნენ იმიტომ, რომ ისინი ასრულებენ ყველაზე დიდი საქმეს ჩვენი ქვეყნისთვის - იცავენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენ საერთაშორისო იმიჯს და ჩვენს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ასრულებენ" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
დღეს, ქ. თბილისში, აბაშვილის ქ. №3-ში არსებული საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში სულ გადაეცათ ავღანეთში ISAF-ისა და ერაყში OIF მისიების შესრულების დროს დაღუპული 12 სამხედრო მოსამსახურის ოჯახს. საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა ასევე, 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაჭრილი 5 სამხედრო მოსამსახურე. მათთვის ბინები სპეციალური პროექტით გარემონტდა და ფიზიკური მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და საოჯახო ინვენტარით აღიჭურვა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართველ სამხედროებს და მათ ოჯახებს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად ქ. თბილისში, აბაშვილის ქ. №3-ში მდებარე საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცათ. თავდაცვის, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროების ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის შედეგად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოხდა ყველა სათანადო დოკუმენტაციის სამართლებრივი მოწესრიგება და მომზადება. საცხოვრებელი ფართების ახალ მფლობელებს კანონის ყველა ნორმისა და წესის დაცვით ბინები პირად მფლობელობაში გადაეცათ.
ვარკეთილის სამხედრო ქალაქში მშენებლობა წელსაც გაგრძელდება და დამატებით 260 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.