საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით, გერმანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზა „ჰოჰენფელსი" მოინახულა. აშშ-ის გაერთიანებულ მრავალეროვან მზადყოფნის ცენტრში (JMRC), საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე და სამთო-სადაზვერვო ბატალიონები ISAF-ის მისიაში გადასროლისწინა წვრთნებს გადიან. სწავლება ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის შეფასებას ითვალისწინებს.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მისიაში გადასროლისწინა წვრთნების დასკვნით ფაზას დაესწრნენ და ამერიკელი სამხედროების მიერ ქართველი ჯარისკაცების მომზადების პროცესს დეტალურად გაეცნენ. ამერიკელმა პარტნიორებმა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს ქართველი სამხედროების მომზადების პროცესის დეტალური სქემა წარუდგინეს. ქართველი სამხედროების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა.
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრები გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ რიჩარდ ტრაიონთან და სახმელეთო ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ დონალდ კემპბელთან. მხარეებმა აშშ-ის ევროპული სარდლობის საზღვაო ქვეითებთან და სახმელეთო ძალებთან ქართულ ქვედანაყოფებთან მიმდინარე და მომავალი თანამშორმლობის მიმართულებები განიხილეს.
„კმაყოფილები ვართ, რომ ჩვენი ჯარი, ჩვენი ოფიცრები, სამხედროები ძალიან მაღალ პროფესიონალიზმს ავლენენ. მათი საბრძოლო მზადყოფნა ძალიან მაღალია. დარწმუნებული ვარ, რომ აქ შეძენილი გამოცდილება მათ დაეხმარება საერთაშორისო მისია ავღანეთში წარმატებით დაიწყონ და დაასრულონ. დაწრმუნებული ვარ, რომ ეს ჯარია, სწორედ, საფუძველთა საფუძველი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების. მინდა, რომ კიდევ ერთხელ ჩვენს ვაჟკაც მებრძოლებს დიდი მადლობა გადავუხადო ქვეყნის ერთგულებით სამსახურისთვის. ასევე, გვქონდა შეხვედრები ამერიკელი სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან, გენერლებთან, რომლებიც ხელმძღვანელობენ ამერიკის ჯარებს ევროპაში. ჩვენ მოვიწვიეთ ისინი საქართველოში, რათა ქართული ჯარის მშენებლობაზე გააგრძელონ დაკვირვება. უახლოეს პერიოდში, მაისისთვის იგეგმება ასეთი ვიზიტი. სწორედ, ამ გენერლებისგან მივიღე ქართველი სამხედროების საბრძოლო მზადყოფნაზე უმაღლესი შეფასებები. ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ძალიან მაღალ დონეზეა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს უახლოეს თვეებსა და წლებში გამყარდება და მას აქვს ნამდვილად სტრატეგიული ხასიათი" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
„ჰოჰენფელსის" სამხედრო ბაზაზე სასწავლო ვითარება ავღანეთში არსებულ გარემოსთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. შექმნილია იმიტირებული ავღანური ქალაქი, სადაც ქართველი სამხედროები ავღანეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარებას და ავღანეთში ყოფნისას საჭირო სხვა უნარ-ჩვევებს სწავლობენ, ეგუებიან იმ გარემოს, სადაც სამშვიდობო მისიის შესრულება მოუწევთ.
,,ჰოჰენფელსის'' საწვრთნელ ბაზაზე ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ სამხედროებს ამბოხებულთა საწინააღმდეგო (COIN) ოპერაციების წარმოებას, საბრძოლო ველის მომზადებას, გაწმენდას, შენარჩუნებასა და უსაფრთხოების დაცვას ასწავლიან.
„ჰოჰენფელსი"-ში მომზადების დასრულების შემდეგ, ქართველი სამხედროები ავღანეთში გაემგზავრებიან. მათი მთავარი ამოცანა სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა იქნება.
ჰოჰენფელსში გამგზავრებამდე, ნატოს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად 23-ე და სამთო-სადაზვერვო ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეებმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" გაიარეს. ორივე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები სრული სპექტრის ოპერაციების ჩასატარებლად მომზადდნენ. მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები და ადგილობრივ მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს.
მაისში იგეგმება აშშ-ის ევროპის სარდლობის საზღვაო ქვეითთა ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ რიჩარდ ტრაიონისა და სახმელეთო ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ დონალდ კემპბელის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ამერიკელი გენერლები ადგილზე გაეცნობიან ქართული ჯარის აღმშენებლობის პროცესს.
მასალის გამოყენების პირობები