ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის დაწყებამდე გასვლითი სხდომის მნიშვნელობა შეაფასა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ: „ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, არამარტო საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. შეხვედრაზე განხილული იქნება რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, ის მიზნები და ამოცანები, რომელიც დასახული გვაქვს ნატოსკენ მიმავალ გზაზე, ასევე, რამდენად ვასრულებთ ამ ამოცანებს. პროგრესი სახეზეა. ეს მათი ვიზიტითაც დასტურდება. გადაწყვეტილება ნატოში ჩვენი მიღების თაობაზე პოლიტიკოსების საქმეა. ჩვენ კი ვაკეთოთ ჩვენი საქმე კარგად, ვემსახუროთ ქვეყანას და ავამაღლოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.
სხდომაზე განხილული იქნება სატრანზიტო დერეფნის გამოყენების საკითხიც. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ძალიან პერსპექტიული თემაა, გამოსაყენებელი, როგორც ცალკე ქვეყნისთვის, ასევე ნატოსა და პარტნიორი ქვეყნებისთვის. ჩვენ ვთავაზობთ დერეფანს, რომელიც არის უსაფრთხო, ეფექტური და ეკონომიური."