პირველად საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა იმართება. საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი დღეს ეწვია. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი ხელმძღვანელობს.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა.
წითელ ხალიჩაზე, საპატიო ყარაულის თანხლებით სტუმრებს ასევე დახვდნენ ნატოში საქართველოს ელჩი ლევან დოლიძე, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსის სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი და საქართველოში აკრედიტებული ნატოს თავდაცვის ატაშეები.
პირველი კომენტარები მედიისთვის აეროპორტში გაკეთდა.
გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ განცხადება სამხედრო მაღალჩინოსანთა დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე გააკეთა: „ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო გენერალ ბარტელსს და ასეთ მნიშვნელოვან დელეგაციას საქართველოში. ჩვენ შევქმნით ყველა პირობას წარმატებული მუშაობისა და წარმატებული ვიზიტისთვის."
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა კნუდ ბარტელსმა ნატოს საქართველოსადმი მხარდაჭერასა და სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება: „დიდი მადლობა, რომ მოგვიწვიეთ და მასპინძლობთ ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრას თბილისში. მე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ძალიან ვაფასებ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ჩამოვსულიყავით თბილისში და საკუთარი თვალით გვენახა თავდაცვის რეფორმები, ასევე, შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესში მიღწეული პროგრესი.
ნატოს სამხედრო კომიტეტი პირველად სტუმრობს საქართველოს და ის ფაქტი, რომ ჩვენ დღეს აქ ვართ, არის საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევისადმი ნატოს მხარდაჭერის ნათელი მაგალითი.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის განვითარებისათვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება."
ნატო-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუმ: „ჩვენ მნიშვნელოვანი პარტნიორები ვართ ნატოს ოპერაციებსა და ავღანეთის მისიაში. ეს ვიზიტი გენერლებს საშუალებას მისცემს გაეცნონ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს და შეაფასონ, თუ რა ეტაპზეა საქართველო ნატოში ინტეგრაციის გზაზე, შემდეგ ეტაპზე კი წარუდგინონ რეკომენდაციები ნატოს შტაბ-ბინას, თუ რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს რეფორმები საქართველოში და რა დამატებითი მხარდაჭერა შეუძლია გაუწიოს ნატომ საქართველოს არსებული პარტნიორობის ფარგლებში."
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დელეგაციის წევრები გმირთა მოედანზე გაემგზავრნენ, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვნით შეამკობენ.
დღესვე, ნატოს პირველი სამხედრო პირი, გენერალი კნუდ ბარტელსი, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.
ვიზიტის მეორე დღეს დაგეგმილია სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან. ირაკლი ალასანიასთან შეხვედრას გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სასტუმროში "რადისონ ბლუ ივერია" 28+1 ფორმატში სამხედრო კომიტეტის სხდომა ოფიციალურად გაიხსნება. სესიაზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციის, ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილისა და ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
სხდომის დასრულების შემდეგ, ნატოს წარმომადგენლებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ლანჩზე უმასპინძლებს.
სამხედრო კომიტეტი ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიაზე რეკომენდაციები წარუდგინოს და ნატოს სტრატეგიულ სარდლებს მითითებები მისცეს. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები.
ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანო არც თუ ისე ხშირად სტუმრობს ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებს გასვლითი სხდომა სულ რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში აქვთ გამართული.