საქართველოში გაცნობითი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დელეგაცია იმყოფება. თურქი სამხედროები, სახმელეთო ძალების აკადემიის რექტორის გენერალ-მაიორ სელიმ მერთის ხელმძღვანელობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა და გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიიღეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სტრატეგიულ თანამშრომლობასა და სამხედრო განათლების სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე. მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა სტუმრებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში გატარებული რეფორმებიც გააცნო. მან თურქეთის დელეგაციის წევრებს სამხედრო საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერების საქმეში მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოში გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში, თურქი სამხედროების დელეგაცია, ასევე, ესტუმრა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს".