უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლაში კურსების გამოშვების ღონისძიება გაიმართა. საარტილერიო მომზადების კურსი, რომელიც 18-მა სამხედრო მოსამსახურემ ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიარა, 28 კვირას მიმდინარეობდა. სამხედრო-საინჟინრო და კავშირგაბმულობის კურსებს კი 18 სამხედრო 22 კვირის განმავლობაში გადიოდა. სამივე კურსზე 36 უმცროსი ოფიცერი მომზადდა.
კურსებზე მომზადების პროგრამა სხვადასხვა სამხედრო ქვედანაყოფის დაბალი რანგის ოფიცრებმა გაიარეს. სამხედროებს სპეციალობების მიხედვით კვალიფიციური ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება ჩაუტარდათ.
კურსების გამოშვების ღონისძიებას ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აკადემიის რექტორი ზურაბ აგლაძე დაესწრნენ.
პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ოფიცრებს სიტყვით მიმართა. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ოფიცერთა განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამხედროებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა.
უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის კურსანტებს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა სერთიფიკატები გადასცეს.