„კეთილსინდისიერების განვითარების" (Building Integrity) პროგრამის ნატოს ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები დადებითად შეაფასა.
ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის შესახებ განცხადება დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქაროსანიძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ თავდაცვის სამინისტროში გააკეთეს.
ანგარიშში ხაზგასმულია ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც სამინისტრომ უკვე გადადგა გამჭვირვალობის გაზრდისა და კორუფციული რისკების შემცირების მიზნით, ასევე, გამოყოფილია ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დამატებით საჭიროებს მუშაობას.
„გაიზარდა ელექტრონული შესყიდვების სისტემის გამოყენება; გააქტიურდა ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან; გაიხსნა სამოქალაქო მისაღები; დაიწყო ფუნქციონირება შერჩევის საბჭოებმა და დაინერგა სამოქალაქო პერსონალის დამოუკიდებელი ტესტირების სისტემა. დადებითად შეფასდა კორუფციის პრევენციის მიზნით ქონებრივი დეკლარაციების ონლაინ სისტემის შემოღება," - აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიში თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯეიმს აპატურაიმ გამოუგზავნა. ნატოს წარმომადგენელი ანგარიშზე თანდართულ წერილში სამინისტროს მადლობას უხდის დეტალური ინფორმაციისთვის და ექსპერტთა ჯგუფის დეკემბრის ვიზიტის დროს აზრთა გულწრფელი და ღია გაცვლისთვის.
„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ გამოიყენოს ნატოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (South-Eastern Europe Defence Ministerial, SEDM) ფორმატები და თავისი გამოცდილება და მიღებული ცოდნა სხვებსაც გაუზიაროს. ნატოს BI ექსპერტთა ჯგუფი და ნატოს შტაბბინა, ასევე, ნატოს სხვა ექსპერტები და პარტნიორები გამოვხატავთ მზადყოფნას, დახმარება გაგიწიოთ, რათა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოთ გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების განმტკიცების კუთხით და ასევე, მეტად წარმოაჩინოთ თქვენს მიერ დანერგილი წარმატებული მაგალითები" - ნათქვამია ჯეიმს აპატურაის წერილში.
ანგარიშს საფუძვლად დაედო 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შევსებული თვითშეფასების კითხვარი და იმავე წელს, 9-12 დეკემბრის ვიზიტის დროს ნატოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩატარებული შეხვედრებიდან მიღებული ინფორმაცია. ნატოს „კეთილსინდისიერების განვითარების" (Building Integrity) პროგრამა 2007 წელს შეიქმნა. მისი მიზანი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისა და უსაფრთხოების ეფექტიანი და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობაა.