საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კრივში რიგით მე-5 ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრში ერთმანეთს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის, სამხედრო პოლიციის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სპეციალური დანიშნულების ძალებისა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის წარმომადგენლებმა გაუწიეს მეტოქეობა.
გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ, რომლებიც შესაბამისი სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ. გუნდური პირველობა მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ჯარისკაცებმა მოიპოვეს. მათ ჯილდოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების თასი მიიღეს.
ჩემპიონატის დაწყებამდე 39-მა სამხედრომ მონაწილეობის მისაღებად ყველა საჭირო შემოწმება გაიარა და ტურნირთან დაკავშირებით შესაბამისი ინსტრუქტაჟიც მიიღო.
ჩემპიონატი 60, 64, 69, 75, 81, 90, +90 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაიმართა. ბრძოლები საერთაშორისო წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა. ტურნირს კრივის ეროვნული ფედერაციიდან საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები და თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურის ინსტრუქტორები აკვირდებოდნენ.