საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების" მთავარი სერჟანტი ჯეიმს ბუკერი ჰელმანდის პროვინციაში ბაზა „ლეზერნიკს" ეწვია. ვიზიტის მიზანი „რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის" მონახულება იყო.
ISAF-ის მთავარი სერჟანტი საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას შეხვდა. სერჟანტმა ბუკერმა, კოალიციური ძალების მეთაურის გენერალ ჯოზეფ დანფორდის სახელით, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ჰელმანდის პროვინციაში ყოველდღიურად ეწევიან. სერჟანტმა ბუკერმა ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმსა და დისციპლინას, რომლის მეშვეობითაც მათ, როგორც მებრძოლებმა, ISAF-ის მისიაში კოალიციურ ძალებს შორის სახელი გაითქვეს.
ISAF-ის მთავარმა სერჟანტმა 31-ე ბატალიონის სამხედროებს სიტყვითაც მიმართა და ავღანეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება. „თქვენს პროფესიონალიზმი და საქმისადმი თავდადება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. აუცილებლად ისეთივე დისციპლინითა და შემართებით უნდა გააგრძელოთ საქმის კეთება, როგორც ამას დღევანდელ დღემდე ასრულებდით" - განაცხადა მთავარმა სერჟანტმა ბუკერმა.
ვიზიტის ბოლოს ჯეიმს ბუკერმა ბაზა „ლეზერნიკზე" ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მემორიალი მოინახულა და მათი ხსოვნის პატივსაცემად სანთელიც დაანთო.