ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბოლო ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდა. 80 სამხედრო მოსამსახურეს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ალექსეევკის სამხედრო აეროდრომში დახვდნენ. მათ ქართველ სამხედროებს საქართველოში დაბრუნება მიულოცეს და ISAF-ის მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს.
„დღეს ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის, ჩვენი ვაჟკაცი მეომრების ბოლო ნაწილი როტაციით დაგვიბრუნდა. მინდა მადლობა გადავუხადო მათ დიდი სამსახურისათვის, მისიის წარმატებით შესრულებისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ მონატრებულები დროს, რომელსაც ოჯახებში გაატარებენ, ალბათ ყველაზე დიდი თერაპია იქნება მათთვის ამ დიდი პასუხისმგებლობით სავსე მისიის შემდეგ. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს, რომ ასეთი ვაჟკაცები გაუზარდეს ჩვენს ქვეყანას. ამ მისიით საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძლიერი პარტნიორია, რომელსაც უნდა ენდოს და ენდობიან ნატოს წევრი ქვეყნები. მინდა, ასევე მათ სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნება მივულოცო" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ISAF-ის მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში შეასრულეს. ბატალიონის მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონში ამბოხებულთა ძალების გაუვნებელყოფა, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზონების კონტროლი და აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან თანამშრომლობა იყო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში მისიის შესასრულებლად როტაციის წესით სექტემბრის ბოლოს გაემგზავრნენ. ბატალიონმა სამოქმედო არეალი სრულად ოქტომბრის დასაწყისში გადაიბარა.