ENG / RUS       12+

როგორ წაართვა კეზერაშვილის "საძმომ" პაატა კაჭარავას ქონება

ახალ მთავარ პროკუროს მძიმე მემკვიდრეობა ერგო _ გიორგი ბადაშვილს, სხვა თუ არაფერი, იმ 20 ათასზე მეტი საჩივრის შესწავლა მოუწევს, რომელიც "ნაციონალების" მიერ უკანონოდ წართმეულ ქონებას ეხება. ამ 20 ათასი სარჩელიდან ერთ-ერთი სს "თბილელექტროაპარატის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, სავაჭრო სახლ "საბა"-ს მფლობელის პაატა კაჭარავას საქმეა. ბიზნესმენი, რომელმაც მთავარ პროკურატურას 2012 წლის გაზაფხუზლე მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა, ქონების წართმევაში პირდაპირ თავდაცვის ექსმინისტრს, დავით კეზერაშვილსა და მისი ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელს, ფინანსური პოლიციის ყოფილ გამომძიებელს, ამჟამად თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულ კოტე ყიფიანს ადანაშაულებს. პატა კაჭარავას თქმით, მას შემდეგ, რაც ფინანსური პოლიციის უფროსობიდან თავდაცვის მინისტრად გადაიყვანეს, კეზერაშვილმა ყიფიანიც თან წაიყვანა და სამხედრო პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა.
"ნაციონალები" კაჭარავს ქონებით 2006 წელს დაინტერესდნენ _ სს "თბილელექტროაპარატის" ექვსთვიანი შემოწმების შემდეგ, ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებმა ბიზნესმენი ქუჩაში "აიყვანეს".
"2005 წლის, თუ არ ვცდები, ნომებერში, რამდენიმე სამოქალაქოფორმიანი ადამიანი, მათ შორის, კოტე ყიფიანი და ფინანსური პოლიციის პირველი სამმართველოს უფროსი, ჭინჭარაული ოფისში შემოვარდა და ჩხრეკა დაიწყო... ექვსი თვე რაღაცას იძიებდნენ, თან ყიფიანი ჩემს ადვოკატს სთხოვდა, რომ ბიუჯეტში 500 ათასი გადამეხადა, მაგრამ დაშავებული არაფერი მქონდა და რატომ უნდა გადამეხადა?.. მახსოვს, 2006 წლის 28 ივნისს. შინიდან გამოვედი და ვიგრძენი, რომ უცხო მანქანა მომყვებოდა, სადაც სმოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები ისხდნენ. მანქანა გავაჩერე და აფთიქაში შევედი, ისინიც შემომყვნენ და მითხრეს, ფინანსური პოლიციიდან ვართ და ჩვენთან უნდა წამოხვიდედო. მანამდეც დამყვებოდნენ, მაგრამ უდანაშაულო ვიყავი და, ვფიქრობდი, რა უნდა მიყონ-მეთქი. მერე კი, ციხეში რომ ვიჯექი, მხოლოდ ჩემს ცოლს კი არა, თანამშრომლებსაც უთვალთვალებდნენ. ეგონათ, ფულიანი მფარველი მყავდა და ვერ წარმოედგინათ, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად მივაღწიე.
ფინანსურ პოლიციაში კოტე ყიფიანის კაბინეტში შემიყვანეს. ყიფიანი რაღაცებს მეკითხებოდა, ვუსაბუთებდი, ასე კი არა, ასეა-მეთქი, მაგრამ ჩემი პასუხები არ აინტერესებდა და ვუთხარი, დოქსოპულო ხარ-მეთქი. მანამდე, ყიფიანმა ცალკე ოთახში გამიყვანა და თანამშრომლობა შემომთავაზა, ვინმე "ჩაუშვიო", მაგრამ უარი ვუთხარი. მერე, რაღაც საბუთები შეადგინეს. მახსოვს, ერთმა პროკურორმა თქვა, დასაჭერი არ არის და ხელს არ მოვაწერო, მერე სტაჟიორი მოიყვანეს და თაღლითობისა და 7 მილიონის სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დამაკავეს
," _ იხსენებს პაატა კაჭარავა.
კაჭარავას საქმეში, ყიფიანისა და ფინასური პოლიციის იმდროინდელი თანამშრომლების გარდა, ერთ-ერთი მთავარი რგოლი სასამართლოა _ ბიზნესმენს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა და 3 მილიონი გირაო შეუფარდა. კაჭარავამ განაჩენი გაასაჩივრა და მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ, როგორც იტყვიან, ცეცხლს ნავთი დაასხა _ ბიზნესმენს განაჩენი გამოუტანა, 3 მილიონი სამ დღეში უნდა გადაიხადოო, ანუ თუ უნდოდა, რომ ორთაჭალის ციხის "ფაშისტების საკნისთვის" თავი დაეღწია, კაჭარავას, გირაოს სახით, 3 მილიონი უნდა გადაეხადა. პარალელურად, მეწარმის თანამშრომლებიც დაატყვევეს.
პაატა კაჭარავა იხსენებს:
"ერთხელ ე.წ. ადვოკატების ოთახში კოტე ყიფიანი შემხვდა და ვუთხარი, ჯერ ერთი, მართალი ვარ, მეორეც, ქონება იპოთეკითაა დატვირთული და როგორ წაიღებთ-მეთქი. მიპასუხა, აი, ნახავ, თუ ვერ წავიღებთო. სხვათა შორის, ადეიშვილთან შუამავლები მივაგზვანე, მაგრამ ადეიშვილმა თქვა, ეგ კეზერაშვილის თემააო, თან უთქვამს, თუ ამ კაცს ამდენი ქონება ჰქონდა, აქამდე რატომ არ ვიცოდითო... ამასობაში, ჩემს ბინას ყადაღა დაადეს და ცოლ-შვილი ქუჩაში მრჩებოდა... კოტე ყოფიანმა ისიც მითხრა, თუ ფულის გადახდაზე ან ქონების დათმობაზე არ წამოხვალ, შენს ყველა თანამშრომელს დავიჭერთო. ჩავთვალე, რომ მხოლოდ უდანაშაულო ხალხის კი არა, ჩემი ქონების ნაწილის გადარჩენაც შეიძლებოდა. ამიტომ, ქონების ის ნაწილი დავთმე, რომელიც მათ აინტერესებდათ... ციხეში, ჩემს ადვოკატზე, გიგა კვერენჩხილაძეზე გავეცი მინდობილობა და ამის საფუძველზე, ნოტარიუსმა მერი ბუბაშვილმა ჩემი ქონება სახელმწიფოს გადაუფორმა."
ერთი სიტყვით, სააკაშვილის ციხის ჯურღულებში დაწერილი მინდობილობით, "ნაციონალურმა" სახელმწიფომ პაატა კაჭარავას იმ ქონების ნაწილი იჩუქა, რომელიც ბიზნესმენმა თავის დროზე ღია ფულად აუქციოზე შეიძინა. სხვათა შორის, როცა კაჭარავა სს "თბილელექტროაპარატის" მესაკუთრე გახდა, წარმოება, პრაქტიკულად, განადგურებული იყო _ ბიუჯეტის 1 500 000 ემართა, დღგ-ს, მოგების, საშემოსავლოს, სახელფასო და კომუნალური დავალიანებებიც ჰქონდა. კაჭარავამ ქარხანა, რომელიც ფართო დანიშნულების პლასტმასის ნივთებს ამზადებდა, არათუ აამუშავა, არამედ, მომგებიანიც გახადა _ ბიუჯეტში ყოველწლიურად რამდენიმე მილიონს იხდიდა. "ნაციონალები" სწორედ ასეთ წარმატებულ ბიზნესებზე ნადირობდნენ, თუმცა ის, რაც კაჭარავას ხელში მომგებიანი იყო, "ნაციონალებზე" გადაფორმების შემდეგ, პირწმინდად განადგურდა და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან სააკაშვილმა, კეზერაშვილმა და რეჟიმის სხვა შემოქმედებმა, კაჭარავას სიტყვებით რომ ვთქვათ, არ იცოდნენ, რა უნდოდათ და ბიზნესი როგორ უნდა ემართათ. ამიტომაც, კაჭარავასთვის ქონების წართმევით სახელმწიფო ბიუჯეტმა, მხოლოდ დღგ-ს ნაწილში, 18 მილიონი იზარალა.
მაინც, რა ქონება წაართვეს "ნაციონალებმა" პაატა კაჭარავას? _ ერისთავის ქუჩის #8-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (დაახლოებით 3 ჰა) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, ასევე, ერისთავის #5-ში მდებარე 29 500 კვადრატული მეტრი მიწა. სწორედ ამ ტერიტორიაზე ფუნქციონერებდა ზემოხსენებული საწარმო.
კაჭარავას წართმეული ქონება, ბუნებრივია, "ნაციონალებთან" დაახლოებული პერსონების ხელში აღმოჩნდა: ერისთავის #8-ში მდებარე ქონების მეპატრონე, სახელდახელოდ მოწყობილი აუქციონის წყალობით, შპს "მიწა და უძრავი ქონება" გახდა. საგულისხმოა, რომ ამ შპს-ს დამფუძნებელი, როგორც კაჭარავამ კერძო გამოძიებით გაარკვია, ოფშორული კომპანია, ამსტერდამში რეგისტრირებული "კოოპერატივი იმეკ ილირიან მიწის ფონდია". კაჭარავას კერძო გამოძიების მიხედვითვე, ამ ოფშორული და მისი შვილობილი კომპანიების უკან უგულავა-მერაბიშვილ-ჩოჩელის ტრიო იდგა: არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შპს "მიწა და უძრავ ქონებაში" საკუთარი ინტერესები უგულავას სიდედრს ჰქონდა. ოფშორულ კომპანიას კი, ერთი პერიოდი სულხანიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც თავის დროზე თბილისის მერიის მაღალჩინოსანი ყოფილა, ახლა კი ლუდსახარშ "ზედაზენის" დირექტორია.
კაჭარავა ერისთავის #8-ში მდებარე ქონების ერთპიროვნული მფლობელი არ იყო და თანამესაკუთრე ჰყავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მის მიერ ციხეში დაწერილი მინდობილობის მიუხედავად, "ნაციონალები" ქონებას ვერ გადაიფოქრმებდნენ, თუ ე.წ. ჩუქებაზე თანხმობას კაჭარავას თანამესაკუთრე, ირინა ვაჭარაძეც არ განაცხადებდა. ამიტომაც, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონი ირინაც კოტე ყიფანთან მიაბრძანეს და, რამდენიმე საათიანი ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, ხელი სასურველ დოკუმენტზე მოაწერინეს.
რაც შეეხება ერისთავის #5-ში მდებარე წარმოებას და 29 500 კვადარტულ მეტრ მიწას, სამი წლის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტრო მის გაყიდვას აუქციონზე უშედეგოდ ცდილობდა _ ბიზნესმენები, როგორც ჩანს, წართმეული ქონების შეძენას ერიდებოდნენ. საგულისხმოა, რომ კაჭარავას ამ ქონებას ეკონომიკის სამინისტრო თავდაპირველად 3 მილიონ ლარად ყიდდა, მერე, ფასმა 1 მილიონამდე ჩამოიწია. ბოლოს კი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, პირდაპირი მიყიდვის წესით, ეს ქონება 500 ათას ლარად გოგი შევარდნაძეს მიჰყიდა, რომელმაც კაჭარავას კუთვნილ ტერიტორიაზე მაღაზია, საწყობი და წარმოება "მარშე" გახსნა.
ქართული სიბრძნეა, არმად ნაშოვი არმად შეგერგებაო და შევარდნაძესაც, რომელსაც როგორც პაატა კაჭარავამ გაარკვია, ახალაიები მფარველობდნენ, კაჭარავას კუთვილი ქონება არმად შეერგო _ რამდენიმე მილიონიანი დავალიანების გამო, ერსითავის #5-ში მდებარე ქონება თიბისი ბაკმა წაართვა. მანამდე კი, შევარდნაძე, თურმე, კაჭარავას დაშინებას ცდილობდა _ 23-მეტრიანი ე.წ. წითელი ხაზების შემოწმება დაიწყო და კაჭარავას შარი მოსდო, შენი ოფისის ფანჯარა ჩემს ტერიტორიაზე გამოდისო. მერე, მოსთხოვა, ელექტროენერგიის კაბელი ჩემს ეზოშია და სასწრაფოდ ამოიღეო, მაგრამ მიზანს რომ ვერ მიაღწია, კაჭარავა ფინანსურ პოლიციაში დააბარებინა.
_ შევარდნაძეს გადაეცით, ერთი ადგილი გააჩეროს, თორემ მე გავაჩერებინებ! _ უთქვამს "საბა"-ს მფლობელს ფინანსური პოლიციის თანამშრომლისთვის.
მხოლოდ "ნაციონალურმა გაკულაკებამ" კი არა, კაჭარავას ოჯახს "ბოლშევიკურმა კოლექტივიზაციამაც" თავისი დაღი დაასვა _ ბატონი პაატას ბაბუას კომუნისტებმა ქონება წაართვეს და გადაასახლეს. უფროსი კაჭარავა გადასახლებიდან არ დაბრუნებულა.
"ის, რაც კომუნისტებმა ბაბუაჩემს გაუკეთეს, არასოდეს დამავიწყდება და თუ სამართლიანობა არ აღსდგა, ჩემს შვილებსაც მუდამ ემახსოვრებათ, რომ "ნაციონალებმა" ქონება წამრთვეს. სხვათა შორის, ჩემი უმცროსი ბიჭი, რომელიც 11 წლისაა, ხშირად მეკითხება, მამა, პროკურატურაში სარჩელი რომ შეიტანე, ახალი ხომ არაფერიაო," _ ამბობს პაატა კაჭარავა, რომელიც სამართლიანობის დაწყების პირველ საფეხურად გამოძიების დაწყებას მიიჩნევს. ამასთან, ბიზნესმენი "ოცნების" ხელისუფლებას მიმართავს ინიციატივით, რომ მიიღოს სპეციალური კანონი, რომლითაც ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების რეალურ მფლობელთა ვინაობა გასაჯაროვდება. კაჭარავა დარწუნებულია, რომ თუ ხელისუფლება ასეთ კანონს არ მიიღებს, "ნაციონალები" უკანონოდ წართმეული ქონების ფიქტიურ გადაყიდვას დაიწყებენ, რაც სამართლიანობის აღდგენის შანსს სამუდამოდ მოკლავს.
"თუ ვინმეს ჰგონია, მადლობელნი უნდა ვიყოთ, რომ ბიზნესს აღარ ატერორებენ, ცდება, რადგან ხელისუფლების ვალდებულებაა, ადამიანის უფლებები, მათ შორის, კერძო საკუთრება დაიცვას. მათ, ვინც "ნაციონალების" დროს მე და სხვა უამრავი ადამიანი გააუბედურეს, პასუხი აუცილებლად უნდა აგონ და არ შეიძლება, ისევ ხელისუფლებაში იყვნენ, რადგან დანაშაულს ისევ ჩაიდენენ! ასეთი ხალხისგან ყველა სახელმწიფო უწყება უნდა გაიწმინდოს!.. კაცობრიობა უსამართლობას ებრძვის. სხვადასხვა საუკუნეში სხვადასხვა ფორმის უსამართლობა არსებობდა და, როცა უკანონოდ მოგექცევიან, სანამ ცოცხალი ხარ, იბრძვი, რომ სამართლიანობა აღსდგეს! კანონით, მოქალაქე, რომლის ოჯახის ანუ ერთ ჭერქვეშ მცხოვრებთა საერთო შემოსავალი წელიწადში 40 ათას ლარს აღემატება, ვალდებულია, საგადასახადოში ფინანსური დეკლარაცია წარადგინოს. საინტერესოა, ასეთი დეკლარაცია, 9 წლის განმავლობაში, რომელმა "ნაციონალმა" და მისმა სანათესაო-სამეგობრომ წარადგინა? მე თუ მკითხავთ, სამართლიანობის აღდგენა სწორედ ამ თემის შესწავლით უნდა დაიწყოს," _ ამბობს პაატა კაჭარავა.

ლაშა ნოდია

ავტორი: . .