ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი, ეს არის დიდი წარმატება ახალი ქართული ხელისუფლების - ამის შეასახებ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
"ეს არის დიდი წარმატება ახალი ქართული ხელისუფლების, მთავრობის, რომელიც უნდა გაიზიაროს თანაბარწილად ყველა ღირსეულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, საქართველოს მოსახლეობამ. ეს არის წარმატება, რომელიც ეკუთვნის ქართულ საზოგადოებას. ამ წარმატების მთავარი შემქმნელი არის ახალი ქართული მთავრობა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მიზანმიმართულად მუშაობდა, რომ ეს დღე დამდგარიყო და ასევე გააგრძელებს მიზანმიმართულ მუშაობას, რათა სამიტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩატარდება, საქართველოსთვის იყოს ძალიან წარმატებული", - განაცხადა ალასანიამ.
მისვიე თქმით, ეს ვიზიტი არის ძალიან დიდი მადლიერების გამოხატვა ქართველი ჯარისკაცებისა და მოსახლეობის მიმართ. ეს არის დადასტურება იმ რეფორმების წარმატებულობის, რომელიც განხორციელდა თავდაცვის სამინისტროში, შეიარაღებუილ ძალებში.
„ეს არის ვიზიტი, რომელიც შეაჯამებს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რეფორმირების წარმატებებს", - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, - "ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და სამხედრო ნაწილში თუ რამხელა პროგრესი აქვს საქართველოს, აქ იქნება შეფასებული. მინდა თამამად, მოურიდებლად გითხრათ, რომ ქართველი ჯარისკაცების, ოფიცრების მაღალი კვალიფიკაცია, ბრძოლისუნარიანობა შეფასებულია უკვე არაერთხელ და თავსებადია ნატოსთან. პრაქტიკულად, მათ აქვთ სრული განცდა ქართველებთან ურთიერთობისას, რომ ისინი ურთიერთობენ არა ნატოს მომავალ წევრ ქვეყანასთან, არამედ უკვე შემდგარ ნატოს წევრ ქვეყანასთან. ჩემი სურვილი იქნება, ძალიან მალე პოლიტიკური ნაწილი ჩვენი ურთიერთობების ნატოსთან ასეთივე დონეზე ავიდეს, როგორც არის სამხედრო ურთიერთობები".