საქართველოში აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი დეივიდ დევენპორტი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სერჟანტ დევენპორტს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი მასპინძლობს. დღეს სერჟანტი დევენპორტი და სერჟანტი კოპალიანი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვდნენ. შეხვედრაზე საქართელო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
დღესვე, დეივიდ დევენპორტმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლობების მთავარ სერჟანტებთან გამართა შეხვედრა. საუბრის მთავარი თემა სერჟანტთა პროფესიული განათლების გაღრმავება იყო. შეხვედრაზე ასევე მიმდინარე წლის მაისში საქართველოში ევროპის არმიების მთავარი სერჟანტების დაგეგმილი კონფერენციაზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ალუდა კოპალიანმა ამერიკელ კოლეგას ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" უმასიპინძლა. დეივიდ დევენპორტმა ქართველი კოლეგებისგან ISAF-ის მისიისთვის 23-ე ბატალიონის მზადყოფნის შესახებ ბრიფინგი მოისმინა.
ხვალ აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს მოინახულებს და სერჟანტთა მომზადების კურსებზე მიღების პროცესს დააკვირდება. გამგზავრებამდე სერჟანტი დევენპორტი გორში ISAF-ის მისიის დროს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსაც მოინახულებს.
მასალის გამოყენების პირობები