საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.
21-23 იანვარს ალიანსის შტაბ-ბინაში ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრა გაიმართება. ნატოს უმაღლესი სამხედრო პირები 2014 წელს პირველად შეიკრიბებიან.
შეხვედრების სერიას ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი კნუდ ბარტელსი უხელმძღვანელებს. ორი დღის განმავლობაში, ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნები ნატოს მიმდინარე ოპერაციებს, ტრანსფორმაციის პროცესსა და პარტნიორობის განმტკიცების სამომავლო გეგმებს განიხილავენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ISAF -ის ოპერაციაში მონაწილე ნატოს არაწევრი ქვეყნების გაერთიანებული შტაბის უფროსების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სიტყვით მიმართავს უცხოელ კოლეგებს. განხილული იქნება რიგი საკითხებისა, სამხედრო სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და საქართველოს მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებას.
მისიის "გადამწყვეტი მხარდაჭერა" დაგეგმვა იქნება ამავე ფორმატში გამართული კიდევ ერთი შეხვედრის თემა, რომელსაც გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრება.
დაგეგმილია ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრა ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის ფორმატშიც.
21 იანვარს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კნუდ ბარტელსს შეხვდება.
დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები უცხოელ კოლეგებთანაც. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს ლიტველ, მოლდაველ, ბელორუს და პოლონელ კოლეგებთან განიხილავს.