საქართველოში სასწავლო ვიზიტით დიდი ბრიტანეთის დელეგაცია იმყოფება. უმაღლეს სამეთაურო-საშტაბო კურსის მონაწილე, 20-მდე ქვეყნის მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო პირებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა.
ირაკლი ალასანიამ საერთაშორისო კურსის 50 მსმენელს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრისას მინისტრმა საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორობასა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
„ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყანაზე, გეოპოლიტიკაზე, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური კუთხით. მათი ინტერესი ძალიან მაღალია. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საქართველოში დიდ და მყარ პარტნიორს ხედავენ. მომავალში ასეთი ვიზიტები კიდევ უფრო გაამყარებს როგორც ნატოს ალიანსს, ასევე ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს ყველა ქვეყანასთან" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მაღალი დონის სამეთაურო კურსის მონაწილეებთან სიტყვით გამოსვლისას, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების პრიორიტეტებსა და მიმდინარე წლის გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილი კი, სტუმრებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციაში საქართველოს წვლილსა და 2014 წლის ნატოს სამიტზე ესაუბრა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო კურსის მსმენელები, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრებიან. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან, უსაფრთხოების საკითხებში მომუშავე ქართველ ექსპერტებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებთან.