წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში საომარ მოქმედებებში და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები რეაბილიტაციის კურსს გაივლიან. წეროვანის პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გადმოეცა ამ ეტაპზე, სამხედრო მოსამსახურეებისთვის კეთილმოწყობილი, ორი შენობაა მომზადებული.
დღეს, თავდაცვის მინისტრი წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ესტუმრა. ირაკლი ალასანია კომპლექსის საცხოვრებელ პირობებსა და ინფრასტრუქტურას პირადად გაეცნო. მოგვიანებით, მინისტრმა იმ სამხედრო მოსამსახურეებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად ისადილა, რომლებიც კომპლექსში განთავსდებიან. მათთვის ადგილზე დასვენების კომფორტული პირობებია შექმნილი.
სამხედროები, ოჯახის წევრებთან ერთად, ცალკეული სამედიცინო ბატალიონის მედ. პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. მათ ასევე მოემსახურებიან ფსიქოლოგები და ფსიქიატრები. პერსონალი სამხედროებს და მათი ოჯახის წევრებს 24 საათიან სადღეღამისო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. საჭიროების შემთხვევაში მოხდება საჭირო პროფილის ექიმის ადგილზე გამოძახება. წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრის ტერიტორიაზე მოწყობილია რეაბილიტაციის კურსისათვის საჭირო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი და კეთილმოწყობილი სასადილო.
ამ ეტაპზე რეაბილიტაციის კურსის გავლის სურვილი 170-მა პირმა გამოთქვა. სამხედრო მოსამსახურეები, ოჯახებთან ერთად ეტაპობრივად გაივლიან 10 დღიან რეაბილიტაციისა და დასვენების კურსს. ამ კურსის გავლას ოჯახის წევრებთან ერთად 6 სამხედრო მოსამსახურე დაიწყებს.
„წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში ჩვენი სამხედროების პირველი ნაკადი ოჯახებთან ერთად მოვიდა. ეს უკვე სისტემად იქცევა. ათდღიანი რეაბილიტაციის კურსის შემდეგ, უკვე ახალი სამხედროები ჩამოვლენ ოჯახებთან ერთად. ყველაზე კარგი რეაბილიტაცია ოჯახთან ერთად, შვილებთან, ცოლთან ერთად გატარებული დროა. ძალიან გვიხარია, რომ შესაძლებლობა გვაქვს ასეთი მომსახურება მივცეთ ჩვენს ჯარისკაცებს, იმ ვაჟკაცებს, ვინც ყოველდღიურად ჩვენთვის, ჩვენი მომავლისთვის თავს წირავენ. ეს არის ჩვენი ვალი, სახელმწიფოს ვალი, რომ მათ გვერდში დავუდგეთ და მივცეთ შესაძლებლობა, გამოჯანმრთელდნენ და სამხედრო საქმეს დაუბრუნდნენ" - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
პროცესი პერმანენტული ხასიათის იქნება და გავრცელდება ყველა დაშავებულ სამხედრო მოსამსახურესა და მათი ოჯახის წევრზე.
2014 წელს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს ამ შენობების ადაპტირებასა და მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვას.
2015 წლიდან კი ამავე ტერიტორიაზე დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრებისთვის სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყება.