საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეით ბრიგადაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა. დასრულებული სამუშაოების დასათვალიერებლად დღეს, სენაკის ბაზას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ესტუმრა.
II ქვეით ბრიგადაში განხორციელებული სამუშაოების პირველი ეტაპის შედეგად კაპიტალურად გარემონტდა 11 ყაზარმა და შტაბის ერთი შენობა; რეაბილიტაცია გაუკეთდა შიდა გათბობის სისტემას, მოეწყო სავენტილაციო სისტემა. ყაზარმებში სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა საძინებელ ოთახებს, საშხაპეებს, საპირფარეშოებს, კლასებსა და დერეფნებს. უახლოეს დღეებში დასრულდება რკინა-ბეტონის წყალშემკრები ორი ავზის სამშენებლო სამუშაოები.
„სენაკის ბაზაზე ჩვენი ჯარისკაცები განახლებულ პირობებში იმყოფებიან. საქართველოს მთავრობამ, ჩვენ, ავიღეთ ვალდებულება, რომ თვისობრივად შევცვლით იმ პირობებს, რომელშიც ჩვენი გულადი ჯარისკაცები სამხედრო სავალდებულო თუ პროფესიულ სამსახურს გადიან. ხარისხი ჩვენთვის მთავარი განმსაზღვრელია. ამიტომ, ვამოწმებთ მიმდინარე პროექტებს. გარკვეული შენიშვნები, რაც ხელმძღვანელი პირებისა და სამხედროების მხრიდანაა, გათვალისწინებულია. მინდა დავპირდე ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანა - ყველა ჯარისკაცს ღირსეული პირობები ჰქონდეს - შესრულებული იქნება" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დასრულებული სარემონტო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
სენაკის ბაზაზე მიმდინარე წელს ასევე, დაგეგმილია 7 ობიექტისა და სასადილოს გარემონტება. პროექტი უკვე მზადაა და მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე დაიწყება.
საქართველოს მასშტაბით ყველა სამხედრო ბაზაზე მასიური სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ეტაპი სამხედრო ნაწილებში უკვე დასრულდა. მშენებლობას თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ღია ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აწარმოებენ.
მასალის გამოყენების პირობები