დღეს ბავშვებისთვის თავდაცვის მინისტრის ნაძვის ხე მოეწყო. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში საზეიმოდ გაიმართა. თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას სახელით მიღება 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაღუპული და მძიმედ დაშავებული, ასევე 2004 წლის საბრძოლო მოქმედებებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის მოეწყო.
ღონისძიება „მულტი-პულტის სამყაროს" გმირების მიერ სპეციალურად ბავშვებისთვის დადგმული სპექტაკლით „საახალწლო ზღაპარი" დაიწყო.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საახლწლო ნაძვისხესთან ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები პირადად გადასცეს. მოგვიანებით, პატარებს წინასაახალწლო განწყობა ნაძვის ხის გარშემო თოვლის ბაბუასთან ერთად, ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს.
დღესვე, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები, მშობლებთან ერთად სპორტის სასახლეში იმყოფებოდნენ, სადაც საახალწლო ზღაპარს - „ყინულის დედოფალი" - დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები