დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს ქართული საბრძოლო ტრადიციების, სამხედრო ისტორიის საზოგადოებისათვის გაცნობასა და პოპულარიზაციას. ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევარები საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ქართველ სამხედროებსა და მომავალ ოფიცრებს. ასევე, დაგეგმილია სამხედრო თემატიკის სამეცნიერო ლიტერატურისა და ალბომების გამოცემა, სამხედრო სფეროსთან დაკავშირებული მემორიალური ნივთების რესტავრაცია.
დღევანდელ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრნენ. მემორანდუმის ხელმოწერაზე ასევე იმყოფებოდნენ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები, დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, ჯარის მეგობართა საზოგადოების წევრები და საზოგადო მოღვაწეები.
სიტყვით გამოსვლისას გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ქართული საბრძოლო ტრადიციების გაცნობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან მემორანდუმის გაფორმების პარალელურად, თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში საბრძოლო ისტორიის ამსახველი უძველესი მინიატურების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო XV საუკუნის დავითნში (ფსალმუნები), XVI-XVII საუკუნეების ვეფხისტყაოსანში (ავალიშვილისეული ნუსხა), XVII საუკუნის როსტომიანში, ამირანდარეჯანიანში (1824 წ.), სოლომონ II-ის მიერ ჯრუჭის მონასტრისათვის მიცემულ წყალობის სიგელში (1809 წ.) და სხვა უძველეს ხელნაწერებში დაცული ბატალური სცენების ამსახველი მინიატურების ფოტომასალა.
მასალის გამოყენების პირობები