საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 142 კვალიფიციური სერჟანტი შეემატა. დღეს, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ორი სასწავლო კურსი დასრულდა. ძირითადი სასწავლო და ოცეულის სერჟანტის კურსების დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება კოჯორში გაიმართა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა სამხედრო მოსამსახურეებს კურსების დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეიარაღებული ძალების სამხედრო მაღალჩინოსნებმა კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცეს.
19 კვირიანი ძირითადი სასწავლო კურსი 108 სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. ხოლო ოცეულის სერჟანტის 12 კვირიანი კურსი 34-მა სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა. კურსების განმავლობაში სერჟანტებმა დღისა და ღამის ნავიგაცია, ქვეითთა საბრძოლო ვარჯიშები, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები, ტოპოგრაფია, ტაქტიკური, საცეცხლე და სამწყობრო მომზადება შეისწავლეს. მომზადება სამ საწვრთნელ პოლიგონზე მიმდინარეობდა - ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი", კოჯრისა და შაქრიანის საწვრთნელი ბაზები.
დღეიდან სერჟანტები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და სამხედრო სამსახურს გააგრძელებენ.