დღეს, ეროვნულ გვარდიას დაარსებიდან 23 წელი შეუსრულდა. იუბილეს აღსანიშნავად გვარდიელები და მიწვეული სტუმრები ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე შეიკრიბნენ.
ღონისძიების დასაწყისში პირადმა შემადგენლობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
გვარდიელებს იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გეგეჭკორმა მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს. სიტყვით გამოსვლისას მათ ქართულ არმიაში გვარდიის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. „გვარდია ის სამხედრო დანაყოფი იყო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ შეიარაღებულ ძალებს. გავიდა 23 წელი. ეს არ არის დიდი დრო. თუმცა, უფრო შორიდან შეიძლებოდა გვარდიის დღესასწაულის ათვლა, ვინაიდან, მე-20 საუკუნეში არ ყოფილა საქართველოში კონფლიქტი, საბრძოლო მოქმედება, სადაც გვარდიელს თავისი სიტყვა არ ეთქვა, არ დაეღვარა სისხლი და ოფლი. გვარდია ყოველთვის იდგა, დგას და იდგება ქვეყნის სადარაჯოზე" - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა.
სიტყვით მიმართვის შემდეგ, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მასტერ-სერჟანტი გიორგი ხარაზიშვილი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული" დააჯილდოვა. მან უწყებრივი მედალი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის მიიღო. გენერალური შტაბის უფროსმა თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი ეროვნული გვარდიის შტაბის G-1 სამმართველოს რეზერვისტთა აღრიცხვისა და მონაცემთა უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს, მაიორ იოსებ მაისურაძესაც გადასცა. მაიორმა მაისურაძემ მედალი „გენერალი კვინიტაძე" საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის დაიმსახურა.
ეროვნული გვარდიის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ 34 სამხედრო მოსამსახურეს საპატიო სიგელი დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებით დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის გადასცა.
ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. „მინისტრის ხედვა 2013-2014"-ის თანახმად, ეროვნული გვარდიის პრიორიტეტებია რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის დახვეწა და ამ კუთხით პარტნიორი ქვეყნებისგან გამოცდილების მიღება; არსებული მოთხოვნებისთვის მორგებული რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის კონცეფციის შემუშავება და დანერგვა.
მასალის გამოყენების პირობები