ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ჩატარებული სამუშაო ჯგუფების შეხვედრებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში მნიშვნელოვანი ყურადღება თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შედეგებს ეთმობა.
თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სუვერენიტეტის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების ერთობლივი პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. მხარებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ამერიკის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ.
ხაზი გაესვა ავღანეთში ნატო-ს ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს წვლილს. აღინიშნა, რომ საქართველო კვლავ რჩება ნატოს არა წევრ უმსხვილეს კონტრიბუტორად და ჰელმანდის პროვინციაში მისიას "ეროვნული შეზღუდვების" გარეშე ასრულებს, ასევე მზადაა ალიანსის 2014 წლის შემდგომ მისიაში მიიღოს მონაწილეობა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და პატივისცემა გამოხატა დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების მიმართ.
ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა ხაზი გაუსვეს, პრეზიდენტ ობამას დაპირების შესაბამისად, თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე მიღწეულ პროგრესს, რაც ნატოსთან თავსებადობის გაზრდასა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. ამერიკის შეერთებული შტაბების მხრიდან აღინიშნა საქართველოს თავდაცვის რეფორმის პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და გამოიხატა მზადყოფნა განაგრძოს საქართველოს რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ვაშინგტონში 9 დეკემბერს გაიმართა.
სამუშაო ჯგუფს ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილი თანათავმჯდომარეობდნენ. ამერიკული მხრიდან შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, გრეგ კაუსნერი და თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე, ეველინ ფარკასი.
მასალის გამოყენების პირობები