თბილისში, მოსკოვის გამზირის დასაწყისში უსახლკარო პირებისთვის თავშესაფარი გაიხსნა. მიუსაფართა თავშესაფარი დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მოინახულა და ადგილზე არსებულ საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნო.
ამ დროისათვის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მიერ 7 კარავია გაშლილი, რომელიც შეშის ღუმელებით, საწოლებით, პლედებითა და სხვა საჭირო ნივთებითაა აღჭურვილი, მიტანილია შეიარაღებული ძალების საველე სამზარეულოს აღჭურვილობაც.
„შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც შესაბამის რეჟიმში მუშაობს. აქ არიან წარმომადგენლები სხვადასხვა უწყებებიდან. ღონისძიებაში ჩვენ, სამხედროები მხარდამჭერ კომპონენტს წარმოვადგენთ. ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მოვიტანეთ და გავშალეთ კარვები. უზრუნველვყავით გათბობა. ასევე მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოთ ცხელი კვებით მომსახურება. ამისთვის მოტანილი გვაქვს საველე სამზარეულო და გვყავს მზარეულების ჯგუფი, რომლებიც ადგილზე დაამზადებენ საკვებს" - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
მიუსაფართა თავშესაფარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამაც მოინახულა.
თავშესაფრის მოწყობაში აქტიურად არიან ჩართული თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები. მობილიზებულია სამაშველო სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი. სამთავრობო უწყებების გარდა, მიუსაფართათვის საკვებით, ტანსაცმლითა თუ ნებისმიერი სხვა საჭირო ნივთებით დახმარება ნებისმიერ საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციას თუ მოქალაქეს შეუძლია.
ამინდის გაუარესებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 10 დეკემბერს შექმნა და მას მიუსაფარი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი პრობლემების სასწრაფოდ მოგვარება დაავალა. ჯგუფს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ენერგეტიკის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები.
მასალის გამოყენების პირობები