სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს. დღეს კონფერენცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნა.
გამოსვლისას გენერალ-მაიორმა რეგიონალური უსაფრთხოების კუთხით საქართველოს როლზე, ასევე, თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა: „ზოგადად, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოება საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, ყველასთვის გასაგები ვითარების გამო. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის რეგიონალური პრობლემა, რომელიც ურთიერთგადაჯაჭვულია და ამ პრობლემებთან გამკლავება მხოლოდ ერთი ქვეყნის მხრიდან წარმოუდგენელია. რეგიონები უნდა დაუდგნენ ერთმანეთს გვერდით, უნდა არსებობდეს რეგიონალური ურთიერთდახმარება და ასე შემდეგ. გამოსვლაში ყურადღება გავამახვილე იმ როლზე, რაც საქართველომ რეგიონალურ კონტექსტში უნდა შეასრულოს, რასაც ასრულებს დღეს და რა რეალობაც დაგვხვდა სამხედრო-პოლიტიკური კუთხით".
გენერალური შტაბის უფროსმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ კონფერენციაში მონაწილეების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. კითხვები საქართველოს ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობას, პოსტ-ISAF-ის პერიოდსა და იმ რეფორმებს ეხებოდა, რომელიც შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს.
სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში ალექსი პეტრიაშვილი, ასევე თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მომუშავე ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
კონფერენცია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის და სლოვაკური ორგანიზაციის, ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთა ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
მასალის გამოყენების პირობები