საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ოცეული ISAF-ის მისიას წარმატებით ართმევს თავს.
„შავნაბადას" ბატალიონის გაძლიერებული ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზა „ფენიქსზე" აგვისტოდან არიან დისლოცირებული. მათი მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ქართველი ჯარისკაცები ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრების პატრულირებას, საგუშაოების გამაგრებას, მთავარი გამშვები პუნქტის კონტროლს და ბაზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს ასრულებენ. ქართველი სამხედროები სრულად არიან ჩართულნი ამერიკული ქვედანაყოფის სწრაფი რეაგირების საქმიანობაში და საჭიროების შემთხვევაში მათთან ერთად ახორციელებენ დაკისრებულ ამოცანებს.
„ქართველი სამხედრო მოსამსახურეები უსაფრთხოების სფეროში არსებული სხვადასხვა ამოცანების უზრუნველყოფაში გვეხმარებიან. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ მათი საქმიანობით. ბაზის შიგნით არსებული საკითხების გარდა, ქართველები გარე პატრულშიც დაგვყვებიან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვაშიც გვიწყობენ ხელს. მათი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მსგავსი შეხვედრების მოწყობა. ოცეულის მხარდაჭერა ჩვენს მიმართ ძალიან დასაფასებელია. ვცდილობთ, ქართველ სამხედროებთან რაც შეიძლება ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს. დაუფიქრებლად შეგვიძლია ვენდოთ მათ. ისინი ძალიან საიმედო პარტნიორები არიან" - განაცხადა ბაზის მხარდამჭერი გარნიზონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა ბრიუს სტრიკლენდმა.
საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისთვის მე-13 ბატალიონის ჯარისკაცებმა ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" ინტენსიური მომზადება გაიარეს. მათ სპეციალური სწავლება 8 კვირის განმავლობაში ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებაში, ტოპოგრაფიაში, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენასა და ნავიგაციაში გაიარეს. ავღანეთის მისიისთვის გაძლიერებული ოცეული ეროვნული სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორებმა მოამზადეს.
მასალის გამოყენების პირობები