ქურდობის მიზნით შვედეთში ჩასულებს შორის რუმინეთის, ლიტვის, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეები არიან, - ამის შესახებ შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მორგან იოჰანსონმა ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, მათთვის საქართველოს მხარესთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
„როგორც ვიცი, საქართველოს შს მინისტრი მომავალ კვირას შვედეთში ჩამოდის და ვისაუბრებთ არა მხოლოდ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდაზე, არამედ საუბარი შეეხება ასევე იმ საერთაშორისო დაჯგუფებების ჩამოსვლას ევროპაში, რომელთა მიზანიც ქურდობაა. ჩვენ უკვე იდენტიფიცირებული გვყავს ოთხი ქვეყნის - რუმინეთის, ლიტვის, პოლონეთის და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შვედეთში იმყოფებიან. გვინდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასეთი ტიპის აქტივობის წინააღმდეგ ზომები მიიღოს. შევედეთში ასეთი ტიპის დანაშაულებს, ძირითადად, ჩამოსული ხალხი ჩადის. მე შევხვდი საქართველოს ელჩს და მან ძალიან კონსტრუქციული მიდგომა გამოხატა. ვიმედოვნებ, რომ მომავალ კვირასაც ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება და საქართველოს მხრიდან კონკრეტულ ღონისძიებებზე შევთანხმდებით, რათა შვედეთისა და საქართველოს პოლიციის თანამშროლობა უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს. საკმაოდ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. თავშესაფრის მინიჭებაზე თითქმის არცერთი მოთოვნა არ დაკმაყოფილებულა. თითოეული „ქეისის“ განხილვა ხდება, მაგრამ ასევე სწრაფად ხდება იმის დადგენა, რომ არ არის თავშესაფრის მინიჭების საჭიროება. ჩვენთვის შემაშფოთებელია დანაშაულების მონაცემების იდენტიფიცირება. არ მსმენია ამ პრობლემის გადაჭრას გერმანელები როგორ აპირებენ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მხარესთან თანამშრომლობა“, - განაცხადა შვედეთის შს მინისტრმა.
ცნობისთვის, ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების შს მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.