სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საკუთარ ნათლულებთან დაკავშირებით ახალ განჩინებას აწესებს.
ახალი განჩინების თანახმად, ყველა ჯვარდაწერილი ოჯახის მეოთხე და შემდეგ შვილს, რომელსაც პატრიარქი მონათლავს, მიენიჭებათ ტიტული - სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილი და საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მცველი.
აღნიშნული განჩინება უწმინდესმა მრევლს დღეს, სიონში, ახალი წლის პარაკლისის დაწყებამდე თავად გააცნო.
"ეს ნიშნავს, რომ ისინი უნდა გაუფრთხილდნენ საპატრიარქო ტახტს, რათა სამშობლო იყოს ძლიერი, იყოს ეკლესიისა და ხელისუფლების ერთიანობა", - ბრძანა უწმინდესმა.
შეგახსენებთ, რომ უწმინდესის ადრინდელი განჩინებით, ჯვარდაწერილი ოჯახის ყოველი მესამე და შემდგომი შვილი სურვილის შემთხვევაში კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული ხდება. აღსანიშნავია, რომ ძალაში ეს განჩინებაც რჩება.