მსოფლიოში ყველაზე დიდმა ტურისტულმა გამოფენა-ბაზრობამ, რომელიც ქალაქ ბერლინში იმართება, მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო 2022 წელს გახდეს მასპინძელი ქვეყანა ამ გამოფენის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის უდიდესი მიღწევა, რომელიც ნიშნავს 180-ზე მეტ მონაწილე ქვეყანას და საერთაშორისო დაფარვის ციფრს დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანზე მეტს.
"მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა. ტურიზმი არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი სექტორი. რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკისთვის ტურიზმი, როგორც სფერო, იყოს კიდევ უფრო წარმატებული და დინამიური.
ტურიზმის გადაცემის ეფექტი არის ძალიან მაღალი და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს ამ გამოფენაში მონაწილეობის შედეგს იმ ტურისტების რაოდენობის ზრდით, რომლებიც უნდა მოხვდნენ და ჩვენი მიზანი უნდა იყოს საქართველოს თითოეულ სოფელში და თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტი არის წარმატების კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.