ლონდონში, დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებამდე ორი კვირით ადრე, დაიწყეს მსჯელობა როგორ აღნიშნონ ეს თარიღი.
თავდაპირველად, ხელისუფლებას სურდა, რომ 31 იანვარს, დილის 11:00 საათზე, სიმბოლურად ბიგ-ბენის საათს დაერეკა, თუმცა რადგან ელისაბედის კოშკი (ბიგ-ბენის ოფიციალური სახელწოდება 2012 წლიდან) რესტავრაციაში იმყოფება, ზარის დარეკვისთვის საგანგებო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო, რაც ბიუჯეტს 500 000 ფუნტი სტერლინგი დაუჯდებოდა.
პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა არ დაუჭირა მხარი სახელმწიფო სახსრების გამოყოფას ზარის დასარეკად. მაღალი ფასის გამო, თემთა პალატამაც ეს წინადადება უარყო.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ 31 იანვარს Downing Street-ზე, სადაც პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაა განთავსებული, დამონტაჟდება საათი, რომელზეც ბრექსიტამდე დარჩენილ წუთებს აითვლიან.
ამ დღის აღსანიშნავად მიმოქცევაში შევა სპეციალური 50-პენსიანი მონეტა.
იმავე დღეს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოსახლეობას საგანგებო სიტყვით მიმართავს.