ENG / RUS

ფრიდრიხ ნიცშესა და ლუიზა სალომეს განსხვავებული სიყვარულის ისტორია

მეცხრამეტე საუკუნის ევროპის ერთ-ერთი ინტელექტუალური ქალის, ლუიზა (ლუ) ანდრეას-სალომესა და უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსის, ფრიდრიხ ნიცშეს სიყვარულის ისტორია დღემდე ათობით ბიოგრაფის დავის საგანია. 

ლუ სალომე სანკტ-პეტერბურგში გენერალ გუსტავ ფონ სალომეს ოჯახში დაიბადა. გერმანული წარმოშობის გენერალი ბალტიისპირეთიდან გახლდათ. 

გოგონამ ბავშვობა და სიყმაწვილე რუსეთში გაატარა. მიზანდასახული ლუ, რომელიც ხარბად ითვისებდა ცოდნას, ოცი წლის ასაკში უკვე განათლებული, გამჭრიახი და თავისუფლად მოაზროვნე ქალი იყო. ამასთანავე, ის ფლობდა მომხიბვლელ გარეგნობას, რასაც, შთამბეჭდავ ინტელექტთან ერთად, ჭკუიდან გადაჰყავდა რუსეთისა და ევროპის ცნობილი მამაკაცები. 

ლუ სალომეს ევროპასთან ზიარება 1880 წელს დაიწყო, როდესაც ის დედის მეთვალყურეობით ციურიხში ხელოვნების ისტორიასა და თეოლოგიას სწავლობდა.  

1881 წელს სუსტი ჯანმრთელობის გოგონა მშობლებმა რომში ფილტვების დაავადების სამკურნალოდ წაიყვანეს. სწორედ იქ ოცი წლის გოგონამ არაერთი მამაკაცის გული დაიპყრო, მათ შორის იყვნენ ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსები პაულ რე და ფრიდრიხ ნიცშე. 

პირველად ლუიზა რემ გაიცნო და უგონოდ შეუყვარდა. მან ლუიზას შესახებ ნიცშეს წერილი მისწერა და შესთავაზა "სამივეს ერთად ეცხოვრათ", რითაც აშკარად მიანიშნა იმაზე, რომ ლუ ორივეს საყვარელი გამხდარიყო, თუმცა სალომემ მოულოდნელად განაცხადა, რომ ქალსა და მამაკაცს შორის მხოლოდ სულიერ ახლობლობას აღიარებდა და ეს ახლობლობა მხოლოდ "სრულქმნილ მეგობრობად" უნდა გადაქცეულიყო.

რეს არაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ უცნაური გოგონას პირობა მიეღო და სიცოცხლის ბოლომდე მის საყვარელ მეგობრად დარჩენილიყო. 
ასე იყო თუ ისე, ლუს მომხიბვლელობითა და ორიგინალურობით მოჯადოებულმა პაულ რემ ნიცშეს კვლავ სთხოვა, რომში ჩასულიყო, რათა თავისი თვალით ენახა „ეს რუსული საოცრება". 

„მალე გამოვემგზავრები მის დასაუფლებლად. ის მე მჭირდება, თუ გავითვალისწინებთ ჩემს გეგმებს უახლოესი ათი წლის განმავლობაში. დაქორწინებაზე საუბარი განსაკუთრებულია, უკიდურეს შემთხვევაში მე შემიძლია ორწლიან ქორწინებაზე დავთანხმდე",- სწერდა ნიცშე მეგობარს. 

თავდაჯერებული ფილოსოფოსი რომში რამდენიმე თვის შემდეგ ჩავიდა. თანამედროვეები ამტკიცებდნენ, რომ ნიცშე უკიდურესად ჩაკეტილი ადამიანი იყო, საუბრობდა დაბალი ხმით, ძალიან იშვიათად იცინოდა, მისი დახვეწილი მანერები და თავაზიანობა ხშირად მიანიშნებდა მის გულჩათხრობილობასა და მოჩვენებითობაზე.

ლუიზა სალომეს დანახვისას 38 წლის მამაკაცი დაბნეულ ყმაწვილად გადაიქცა. "მისი პირველი სიტყვები იყო: რომელმა ვარსკვლავებმა შეგვყარეს ჩვენ აქ?",- იხსენებდა შემდეგ ლუ. 

უფრო მოგვიანებით ნიცშე თავის მეგობარს მისწერს: "ეს რუსი გოგონა გამჭრიახია, როგორც არწივი, ძლიერი, როგორც ლომი და ამასთანავე, ძალიან ქალურიც". მომდევნო წერილში კი აღნიშნავს: "ის მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ქალია". 

გაცნობიდან ერთი კვირის შემდეგ ფილოსოფოსი მივიდა ლუსთან და მის მშობლებს ქალიშვილის ხელი სთხოვა. მაგრამ გოგონამ უარყო ის, ისევე როგორც რე, თუმცა მეგობარ ფილოსოფოსებს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება შესთავაზა.

ამ ფორმით მას სურდა, საზოგადოებისთვის დაემტკიცებინა, რომ ქალსა და მამაკაცს შორის არა მხოლოდ მეგობრობა არსებობს, არამედ "სრულყოფილი, იდეალური მეგობრობაც" ადამიანებს შორის. 

მე სიცოცხლის ბოლომდე უარს ვამბობ სიყვარულზე და ყველაზე მეტად ვაფასებ სრულ თავისუფლებას",- უხსნიდა გოგონა მამაკაცებს. სამეულმა ერთობლივი საცხოვრებელი ადგილის ძებნა დაიწყო. თავიდან მათ ვენაში დასახლება სურდათ, შემდეგ ცეპლიცსა და ბერლინში. საბოლოოდ კი პარიზი აირჩიეს.

თავდაპირველად ერთად ცხოვრება საინტერესო და ნაყოფიერი ჩანდა. სამივე ბევრს კითხულობდა, წერდა და მუშაობდა. მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ ლუ რეს ეუბნებოდა: "ის (ნიცშე) ძალიან მღელვარედ რეაგირებს ჩვენს შორის სხვაობაზე... აი, რატომ გამოიყურება ის ასე სევდიანად. ორი ადამიანი, ერთმანეთისგან ისეთი განსხვავებულები, როგორებიც მე და შენ ვართ, კმაყოფილია, რომ შეხების საერთო წერტილი იპოვა. მაგრამ, როდესაც ისინი  ერთნაირები არიან, როგორც მე და ნიცშე, დაიტანჯებიან თავიანთი განსხვავებით". 

ნიცშე რესა და ლუზე ეჭვიანობდა. ის უკიდურესად გაუწონასწორებელი და ეჭვიანი გახდა. შესაძლოა, მისი ხასიათი თავის მტანჯველი ტკივილებით იყო გამოწვეული, რის გამოც ის ხშირად გონებას კარგავდა. 

ნიცშესთვის მძიმე და აუტანელი დღეები დაიწყო. მისი ნიჭით აღფრთოვანებული ლუ, რომელსაც ის ძმასავით უყვარდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ნიცშეს მის მიმართ არაძმური გრძნობები გაუჩნდებოდა. 
ფილოსოფოსი ყველაფერს ანგრევდა ირგვლივ, აწყობდა ეჭვიანობის საშინელ სცენებს. მას არ სურდა ლუიზა ვინმესთან გაეყო, არც "კეთილ მეგობარ პაულთან". ერთობლივი ცხოვრებისა და იდეალური მეგობრობის იდეა კი მას სრულიად აღარ აინტერესებდა.

ყოველდღიური ჩხუბი და კამათი მათ ბედნიერ, მაგრამ ხანმოკლე იდილიას ანგრევდა. ლუ უფრო და უფრო შორდებოდა ნიცშეს და ძლიერად ეჯაჭვებოდა რეს. ნიცშე ფიქრობდა, რომ რე და სალომე საყვარლები იყვნენ. ეჭვობდა, რომ მას ატყუებდნენ და საზოგადოებისთვის თავს უდანაშაულოებად ასაღებდნენ. 
ნიცშე მათ კუდში დასდევდათ, უსმენდა მათ საუბრებს და სულ უფრო და უფრო ძლიერ ეჭვიანობდა.
 
მის ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებდა ნიცშეს ღვარძლიანი და ელიზაბეტი, რომელსაც ლუიზა სძულდა. ერთხელ მან ძმის საყვარელ ქალს ძალიან მძაფრი და უხეში წერილიც კი მისწერა. ამან ლუ სასტიკად აღაშფოთა და ფრიდრიხთან ურთიერთობის გაგრძელება აღარ ისურვა.

„როდესაც ჩემს თავს ვეკითხები, პირველ რიგში რამ გამოიწვია უარყოფითი განწყობა ნიცშეს მიმართ, მივდივარ დასკვნამდე, რომ ეს იყო მინიშნებები, რომელთა დახმარებით ნიცშეს სურდა, ჩემს თვალში პაული დაემდაბლებინა",- წერდა ლუ თავის მოგონებებში.

ფრიდრიხი ლუსგან წასვლისას წერდა: „თუ მე შენ გტოვებ, მხოლოდ შენი საშინელი ხასიათის გამო".

საყვარელ ქალთან მეგობრობის გაწყვეტას ნიცშე ძალიან მტკივნეულად და მძიმედ განიცდიდა. მას ბოღმა და სიძულვილი ახრჩობდა, ცუდად ახსენებდა ლუიზას, ხშირად იმეორებდა, რომ ის "ნამდვილი ბოროტება იყო" მის ცხოვრებაში. პაულ რეზე კი ამბობდა: „მისი კითხვა მოსაწყენია. ის ჭკვიანია, მაგრამ აზრებით ღარიბი". შესაძლოა, ამით ფილოსოფოსი ახშობდა თავის ტანჯვას და ცალმხრივი სიყვარულით მიყენებულ ტკივილს. 

ექვსი წლის შემდეგ ფრიდრიხ ნიცშე ჭკუიდან შეიშალა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. ფილოსოფოსის ფსიქიკური მდგომარეობა ყოველდღე უარესდებოდა. მას საკუთარი თავი ხან ფრიდრიხ-ვილჰელმ მეექვსედ წარმოედგინა, ხან ამბობდა, რომ კოზიმ გაგნერზე იყო დაქორწინებული. ხან პალატაში დახტოდა და არაადამიანურ ხმებს გამოსცემდა. იწვა მხოლოდ იატაკზე თავისი საწოლის გვერდით. 1900 წლის 25 აგვისტოს დიდებული მოაზროვნე გარდაიცვალა. 

ნიცშესთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ლუ სალომემ პაულთან ხუთი წელი იცხოვრა, მაგრამ მისგან მაშინ წავიდა, როდესაც ცოლად გაჰყვა ბერლინის უნივერსიტეტის ირანული კათედრის პროფესორს კარლ ანდრეასს. (თავად ლუსაც არ შეეძლო ამ ნაბიჯის ახსნა). ლუ მისი ცოლი მხოლოდ ერთი პირობით გახდა. მათ მხოლოდ პლატონური ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ, რაც ჩაწერილი იყო კიდეც საქორწინო კონტრაქტში. 

მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ სალომემ შეიცვალა შეხედულება და ქმარს შეხების უფლება მისცა. მანამდე ანდრეასი, რომელიც მთლიანად მოცული იყო ლუს ხიბლითა და გონიერებით, ყველანაირ პირობაზე თანახმა იყო. 
გათხოვებისას ლუს არც კი უფიქრია პაულთან მეგობრობის გაწყვეტა. „ის იყო ჩემთვის კეთილშობილი, სხვა ათას ადამიანთა შორის ერთადერთი თანამგზავრი",- ამბობდა ლუ მასზე. 

პაულმა კი, რომელმაც საყვარელი ქალის საქორწინო კონტრაქტის შესახებ არაფერი იცოდა, ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება მიიღო, "პატარა საყვარელი ლუ" აღარ ენახა. 

ის სხვა ქალაქში გადავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი მთებში ყოფნისას უფსკრულში გადაიჩეხა და დაიღუპა. ამბობდნენ, რომ ეს თვითმკვლელობა იყო. 

ასე დამთავრდა ფილოსოფოსებისა და მათი გულის მშვენიერი ქალის "სამთა კავშირი". თამაშმა "სრულყოფილი მეგობრობა" ვერ გააქარწყლა საუკუნეობრივი „ჭეშმარიტება", რომ მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის არ არსებობს. 

დაავადებული ლუ სალომე, მეგობრების სიკვდილის შემდეგ, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

უკანასკნელ წლებში ის წარმატებულად იყო დაკავებული ფსიქოანალიზით, მეგობრობდა ფროიდთან, წერდა მოგონებებს. უკვე მოწიფულ ასაკში ლუმ მსოფლიოს აჩუქა ცნობილი "ეროტიკა", რომელიც რამდენჯერმე გამოიცა და იმ დროისთვის ევროპის საუკეთესო ნაწარმოებად დასახელდა.
 
ბევრი ამ არაჩვეულებრივ და ორიგინალურ ქალს ეგოიზმსა და მზაკვრობაში ადანაშაულებდა. მას დიდებული ნიცშეს სიკვდილს აბრალებდნენ.  
სხვები, რომლებიც მას უფრო ახლოს იცნობდნენ, ამბობდნენ, რომ ის ძალიან კეთილი, ჰაეროვანი და ზნეობრივი ადამიანი იყო. საბოლოოდ კი ყველა თანხმდებოდა, რომ შეუდარებელი ლუ ყოველთვის გენიალური ფილოსოფოსის ნიცშეს განსახიერება იყო. მეტიც, ნიცშეს ბიოგრაფების უმეტესობა ამტკიცებს, რომ სწორედ ლუიზა სალომე იყო ნიცშეანული ზარატუსტრის პროტოტიპი.

© მაკა სვიმონიშვილი, GHN