იენს სტოლტენბერგი ნატოს წევრ ქვეყნებს რუსეთთან ურთიერობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს. წერს Deutsche Welle-ი.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეთაურმა ისაუბრა შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით მოსკოვთან მოლაპარაკებების აუცილებლობაზე.
"ჩვენ უნდა ვაწარმოოთ დიალოგი რუსეთთან, რათა გავაუმჯობესოთ ორმხრივი ურთიერთობები", - თქვა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის ფედერაცია არის და მომავალშიც იქნება ნატოს უდიდესი მეზობელი.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთთან მოლაპარაკებებს შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით", - დასძინა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა ნატოს ხელშეკრულების მეხუთე მუხლის შესახებ არსებული კამათის შესახებ, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებამ გამოიწვია.
ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, მეხუთე მუხლი ხელშეკრულების მთავარი დებულებაა.
"სანამ პოტენციურ აგრესორებს ეცოდინებათ, რომ ერთ წევრზე თავდასხმა მთელს ალიანსზე თავდასხმას ნიშნავს, თავს არავინ დაგვესხმება", - თქვა სტოლტენბერგმა.
ამ მუხლის დამსახურებით, ნატო არის ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა მსოფლიოში.
მისივე თქმით, ის მოელის, რომ ალიანსის ყველა წევრი, მათ შორის საფრანგეთიც, დაიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
ალიანსის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 3-4 დეკემბერს ლონდონში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბებიან.