ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვედა.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის, "მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა" პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრას იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ადგილობრვი თვითმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმა დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, რაც ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს.
ფასწარმოქმნის ეს აპრობირებული სისტემა სამედიცინო დაწესებულებებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს და ბაზრის რეგულაციასა და ხარისხის მართვას უზრუნველყოფს.
ეკატერინე ტიკარაძემ შეხვედრაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც პირველადი ჯანდაცვის სისტემას შეეხება. მინისტრმა ხაზი გაუსვა პრევენციული სერვისების გაძლიერების, ოჯახისა და სოფლის ექიმების როლის გაზრდის, ოჯახის ექიმთან ვიზიტისა და გეგმიური სამედიცინო შემოწმების კულტურის განვითარების მნიშვნელობას.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, რომელიც უკვე ხორციელდება, მათ შორის იმერეთის რეგიონშიც, ასევე, ხაზი გაუსვა ქვეყანაში უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო მედიკამენტების საკითხსაც. მინისტრის თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე. მთავარი აქცენტი კი ხარისხის კონტროლზე, წამლის რეგისტრაციასა და ბაზარზე დაშვების საკითხზე იქნება გადატანილი, რისთვისაც დამატებითი მოთხოვნები გაჩნდება.
ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის მე–4 შერეული პოლიკლინიკის მატერიალურ ტექნიკური ბაზითაც დაინტერესდა, შეხვდა პოლიკლინიკის დირექტორს, ნინო ჩალაძეს და მედპერსონალს. საუბარი შეეხო მუნიციპალური პოლიკლინიკის არსებობის მნიშვნელობას, რომელიც ქალაქის ორ დიდ უბანს ემსახურება და დაწესებულების ინფრასტრუქტურის გამართვის აუცილებლობას.