ENG / RUS       12+

თუ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივებმა ჯანდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირება აიძულა, ეს მხოლოდ გვახარებს - სერგო ჩიხლაძე

რესპოდენტის შესახებ

სერგო ჩიხლაძე არის მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი და კონსულტანტი. ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო პროფესიული და სამეცნიერო კავშირების წევრი, როგორიცაა, ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემია, პროექტების მართვის ინსტიტუტი და სხვ.

სერგო ჩიხლაძე არის მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი და კონსულტანტი. ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო პროფესიული და სამეცნიერო კავშირების წევრი, როგორიცაა, ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემია, პროექტების მართვის ინსტიტუტი და სხვ.

"ჯი-ეიჩ-ენი" ესაუბრა ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის  სპეციალისტს, მედიცინის  დოქტორს, სერგო ჩიხლაძეს, რომელიც არის სტრატეგია აღმაშენებლის ფარგლებში შექმნილი „ჯანდაცვის ქართული მოდელის“ ერთ-ერთი თანაავტორი.

- ბატონო სერგო, ცოტა ხნის წინ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდმა და ექსპერტებმა წარადგინეთ  „ჯანდაცვის ქართული მოდელი“, დღეს კი ჯანდაცვის მინისტრმა ახალ ინიციატივებზე საუბრისას აქცენტები თითქმის იმავე საკითხებზე გააკეთა, რაზეც თქვენ უკვე ისაუბრეთ. როგორც შეაფასებთ მინისტრის ინიციატივებს და ხომ არ იყო ეს ერთგვარი პასუხი თქვენი გუნდისთვის?  

- მინდა ვთქვა, სამინისტროს დღევანდელი ინიციატივა ეს იყო მცდელობა, რომ როგორმე ეპასუხა ჩვენს მიერ 16 ოქტომბერს წარდგენილ პრეზენტაციას - „ჯანდაცვის ქართული მოდელი“. მინისტრის მიერ წამოწეული საკითხები, თანმიმდევრობა, წარდგენილი ინიციატივები სრულად იმეორებდა ჩვენს პრეზენტაციას.  მის მიერ დღეს გაკეთებული პრობლემების ანალიზი,  პრეზენტაციის ვიზუალიც კი, მსგავსი იყო. ამის წინააღმდეგი სულაც არ ვართ. პირიქით, თუ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივებმა და „ჯანდაცვის ქართული მოდელის“ გეგმებმა აიძულეს ჯანდაცვის სამინისტრო რომ სწრაფი  რეაგირება მოეხდინათ, ეს მხოლოდ გვახარებს და ეს ნიშნავს, რომ მთავრობაც აღიარებს იმ რეფორმების აუცილებლობას, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ქვეყანასა და საზოგადოებას. 

მეორეა - რამდენად შესწევს უნარი დღევანდელ ხელისუფლებას, ის პრობლემები გადაჭრას, რასაც უკვე თავადაც აღიარებს - იქნება ეს წამლების ხარისხი და ფასი, პირველადი ჯანდაცვა თუ სხვა. ბოლო 6 წელია ჯანდაცვის სამინისტრო, პრიორიტეტულ მიმართულებად ასახელებს წამლებსაც, პირველად ჯანდაცვასაც, სერვისების ხარისხსაც, მაგრამ მდგომარეობა არათუ უმჯობესდება, არამედ ყოველწლიურად  უარესდება. ამიტომაც, მიჩნდება ეჭვი მინისტრის დღევანდელი განცხადებების გულწრფელობაში. სხვა საკითხია, კომპეტენცია და პოლიტიკური ნება.

- რას გულისხმობთ?

-არ მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაბედოს და რამე კონკრეტული ნაბიჯები გადაგას სააფთიაქო მონოპოლიების წინააღმდეგ და იმ კარტელური გარიგებების  წინააღმდეგ, რომელშიც თავადაც მონაწილეობს.

- რამდენად ეთანხმებით იმ გადაწყვეტის გზებს, რაც მინისტრმა შემოგვთავაზა?

- მინისტრმა ბევრი ისაუბრა პრობლემატიკაზე, თუმცა გადაჭრის გზები ნაკლებად იყო მის გამოსვლაში. მაგალითად, თქვა, რომ წამლები ძვირია და საჭიროა ამის დარეგულირება. მაგრამ  როგორ - ეს არ უთქვამს. წამლის ხარისხზე მან სიტყვა-სიტყვით გაიმეორა, ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეგისტრაციის ახალი სისტემების დანერგვა, თუმცა, აქაც ვერ გაბედა ეთქვა იმ უახლოეს მეთოდებზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ხედვებში.  იგივე, პირველად ჯანდაცვაზე, არაფერს ვამბობ ელექტრონულ ჯანდაცვაზე, რაზეც მილიონობით დოლარი გადაყარეს, მაგრამ ელ. ჯანდაცვის ყველაზე მარტივი კომპონენტი, რაც არის ელექტრონული რეცეპტები, ისიც კი ვერ დანერგეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ისე კი მოვუწოდებ ქალბატონ მინისტრს, ან უფრო სწორად, ვინც მას ტექსტებს უწერს, რომ ბოლომდე წაიკითხონ სტრატეგია აღმაშენებლის კონცეფცია და ნუ გაყვებიან პრობლემების „ლოკალურად ჩაქრობის“ გზას.

-ანუ, ფიქრობთ, რომ მინისტრის ინიციტივები ინიციატივებადვე დარჩება?

- სამწუხაროდ, წარსული გამოცდილება მხოლოდ ამას გვეუბნება. შეგახსენებთ, რომ როდესაც სპეციალისტები ვსაუბრობდით ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე, როგორც წესი,  ჯანდაცვის სამინისტრო და უკვე ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო ძირითადად აიგნორებდნენ ამ მოსაზრებებს. შესაძლოა, ეღიარებინათ,  მაგრამ ან არაფერს აკეთებდნენ ან ყველაზე არაეფექტურ ზომებს მიმართავდნენ. მაგალითად,  ასე იყო რეცეპტებთან დაკავშირებით, როდესაც ქაღალდის რეცეპტებზე გადასვლა მოინდომა სამინისტრომ 21-ე საუკუნეში, რომელიც რა თქმა უნდა, ჩავარდა და ელექტრონულ რეცეპტებზე დღემდე ვერ გადავედით. ასე იყო პოლიპრაგმაზიის (ჭარბი რაოდენობის მედიკამენტების დანიშვნა) კომისია, როდესაც  შექმნა სამინისტრომ და რა თქმა უნდა, ამანც ვერ იმუშავა. ასე იყო, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების სქემასთან დაკავშირებითაც და მრავალი სხვა.  სამინისტრო აღიარებდა პრობლემას, მაგრამ ყველაზე მოძველებულ და არაეფექტურ ნაბიჯებს დგამდნა.  ეს ხდება ზოგჯერ არაკომპეტენტურობის,  ზოგჯერ კი სავარაუდო ფინანსური დაინტერესების ან გარიგების გამო. ამჯერადაც, არც მაღალჩინოსნების კომპეტენცია, არც უზარმაზარი  ფინანსური სიძნელეები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს და არც მართვის ის მოდელი, რაც სახელმწიფო უწყებებშია არ ქმნის ოპტიმისტური განწყობის მიზეზს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ფარგლებში, ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ შემუშავებული „ჯანდაცვის ქართული მოდელის“ პრეზენტაცია გაიმართა 16 ოქტომბერს, სადაც წარდგენილი იქნა სამომავლო რეფორმის სამოქმედო გეგმა  შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:  პირველადი ჯანდაცვა,  წამლების ფასი და ხარისხი, ციფრული ჯანდაცვა, ბაზარზე ოლიგო და მონოპოლიებთან ბრძოლა.