თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი საკრებულოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ საზოგადოებას დღეს განსახილველ საკითხებზე მივაწოდოთ ინფორმაცია, მათ წივილ-კივილს ვასმენინებთ.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ამ წივილ-კივილს ხედავს საზოგადოება და არა იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ადამიანების ცხოვრებასა და სოციალურ მდგომარეობას აუმჯობესებს. დღეს ჩვენ, ”სვეტის“ მიერ დაზარალებულთათვის გადასაცემ დაუმთავრებელ ობიექტებს სტატუსს ვანიჭებთ. მეგობრებო , 1378 ოჯახზეა საუბარი. ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიციას ეს საკითხი არ გაახსენდებოდა და არც ამ პროექტზე საუბრის სურვილი ექნებოდა.
დღეს, ჩვენ 1 ლარად ათეულობით ოჯახს ვუკანონებთ ქონებას და სხვადასხვა სოციალური საკითხის გადაჭრის გზას განვიხილავთ. არ არის ნორმალური, როცა საკრებულოს სხდომა ხელოვნური აჟიოტაჟის ფონზე მიმდინარეობს. აბსოლუტურ აბსურდში ვართ", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.