იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ტაიფუნის შედეგად გადადებული მატჩი ჩატარდა. იაპონია-შოტლანდიის მატჩი 28-21, იაპონელთა ისტორიული გამარჯვებით დასრულდა. მასპინძელი ქვეყანა პირველად მოხვდა მეოთხედფინალურ ეტაპზე.
ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის განცხადებით, თავგანწირვით იბრძოლეს და თამაში მათ მიუძღვნეს, რომლებიც უძლიერესი ტაიფუნის შედეგად დაშავდნენ და დაიღუპნენ.
„ყველა ვინც იტანჯება, სტკივა და დაიღუპა, ეს თამაში თქვენთვის იყო. უამრავი გულშემატკივარი გვყავდა. ეს იყო გაცილებით მეტი ვიდრე უბრალოდ თამაში მეოთხედფინალისთვის“,- აღნიშნა ჯეიმი ჯოზეფმა, იაპონიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
იაპონიაში 110,000-ზე მეტი ადამიანი ტაიფუნის შემდგომ სამაშველო ოპერაციაშია ჩართული
იაპონია უკანასკნელ 60 წელში ყველაზე დამანგრეველ ტაიფუნის შედეგებს ებრძვის. უკანასკნელი ინფორმაციით, გარდაცვლილია სულ მცირე 37 ადამიანი, ხოლო დაკარგულად 20 ადამიანი ითვლება.
110 000-ზე მეტი ადამიანი სამძებრო სამუშაოებშია ჩართული, მათგან 74 000 სამხედრო მოსამსახურეა. სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობას იღებენ მოხალისეებიც.