დიმიტრი მამულიას ახალი ფილმის, "ბოროტმოქმედის" მსოფლიო პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.
"ბოროტმოქმედი" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია და იგი ვენეციაში წარმოდგენილი იქნება საკონკურსო პროგრამაში "ჰორიზონტები".
"ბოროტმოქმედი" საქართველო-რუსეთის კოპროდუქციაა. იგი ქარხნის 25 წლის ინჟინერის შესახებ გვიყვება, რომელიც შემთხვევით ცნობილი მეკარის მკვლელობის მოწმე გახდება. ფილმის პროდიუსერია სულიკო წულუკიძე, სცენარზე დიმიტრი მამულიამ და არჩილ ქიქოძემ იმუშავეს, ხოლო მთავარ როლებს გიორგი პეტრიაშვილი, ნატალია ჯუღელი და მადონა ჩაჩხიანი ასრულებენ.
ვენეციის კინოფესტივალი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის ყველაზე ძველია. იგი 1932 წელს დაარსდა. წელს იგი 28 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.
ფესტივალი ყოველ წელს ტარდება კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ--ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი, უდიდესი ბიენალეს გამოფენა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი.
ფესტივალის ძირითადი პრიზები არის Leone d'Oro -ოქროს ლომი, რომელიც გადაეცემა ფესტივალზე წარმოდგენილ საუკეთესო ფილმს, და Coppa Volpi - ვოლპის თასი, რომლითაც ჯილდოვდება საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობი.
2002 წელს შეიქმნა ახალი ნომინაცია სან მარკოს პრიზი, რომელიც გადაეცემა ფილმს რომელიც ემსახურება Controcorrente (სტერეოტიპების მსხვრევას).