ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი კერატიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით 40-ათასლარიანი გირაო დააკისრა და აუკრძალა ქვეყნის საზღვრების გადაკვეთა, საგამოძიებო უწყების ნებართვის გარეშე.
პროკურატურამ სასამართლოს ნიკა გვარამიასთვის 80-ათასლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ არ აპირებს გირაოს გადახდას და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2-ის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.