ENG / RUS

სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოებას, იქნება ეს სახალხო მღელვარება, სტიქია, აქციის დარბევა თუ - სეზონური გრიპის შემოტევა: სერგო ჩიხლაძე

რესპოდენტის შესახებ

სერგო ჩიხლაძე არის მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი და კონსულტანტი. ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო პროფესიული და სამეცნიერო კავშირების წევრი, როგორიცაა, ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემია, პროექტების მართვის ინსტიტუტი და სხვ.

სერგო ჩიხლაძე არის მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი და კონსულტანტი. ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო პროფესიული და სამეცნიერო კავშირების წევრი, როგორიცაა, ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემია, პროექტების მართვის ინსტიტუტი და სხვ.

"ჯი-ეიჩ-ენი" ესაუბრა ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის  სპეციალისტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, სერგო ჩიხლაძეს.

 - ბატონო სერგო, თვეზე მეტი გავიდა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ. თქვენი აზრით, რამდენად გამართულია და რამდენად არის მზად საქართველოს ჯანდაცვის სისტემა,  უზრუნველყოს მსგავსი საგანგებო სიტუაციების დროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოება?

 - როდესაც ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მზაობასა და ზოგადად, საგანგებო სიტუაციების მართვაზე, 20 ივნისის ღამეს გამოვლინდა დარღვევები და სრული უუნარობა სახელმწიფოს მხრიდან. ერთადერთი, ვინც გამოავლინა მაღალი პროფესიონალიზმი და თავდადება ეს იყვნენ ექიმები, რომლებიც თავისი კომპეტენციებიდან გამომდინარე, დაზარალებულებს ყველანაირ სამედიცინო დახმარებას უწევდნენ.

რაც შეეხება სხვა დანარჩენ აუცილებელს კომპონენტებს - უწყებათაშორისი ეფექტური კომუნიკაციას, ინფორმაციის ღიაობასა და გაცვლა სხვადასხვა სტრუქტურებს შორის, რისკების შეფასებასა და მიტიგაციის გეგმას, მშვიდობიანი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის რისკების მაქსიმალურად თავიდან აცილებას და ა.შ., სახელმწიფომ ეს ვერ შეძლო.

პირველ რიგში, რაც თვალსაჩინო გახდა 20 ივნისის მოვლენების დროს, ეს იყო ინფორმაციის დამალვა და კომუნიკაციის მკვეთრი დეფიციტი ძალოვანი უწყებების მხრიდან. არ იყო დროულად ინფორმაცია მოწოდებული ნასროლი ტყვიის სახეობის შესახებ და მხოლოდ მედიკოსების მიერ ჭრილობებიდან ამოღებული ტყვიის ფოტოებიდან გახდა ცნობილი, რა ტყვიები იყო გამოყენებული. მსგავსი ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა იყოს მიწოდებული ჯანდაცვის სტრუქტურებისთვის, რომ დახმარება და ჩარევა იყოს ადეკვატური და ეფექტური.

არ იყო დროულად მიწოდებული ინფორმაცია მომწამლავი აირის შემადგენლობის შესახებ, რომელიც გაუშვეს  და შესაბამისი ინფორმაცია არ იქნა მიწოდებული სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის. არადა, ეს მნიშვნელოვანია, რომ სწორედ იქნას გაწეული ადეკვატური სასწრაფო გადაუდებელი დახმარება.

მომხდარიდან მეორე დღის ბოლომდე არ იყო ცნობილი ზუსტად რამდენ დაშავებულს,  რომელ სამედიცინო დაწესებულებაში და რა სახის სამედიცინო დახმარება გაეწია. შეგახსენებთ, რომ ჩვენ, სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს, გვიწევდა საავადმყოფოდან საავადმყოფოში სიარული და ინფორმაციის შეგროვება ადგილებზე. მწყობრი და გამართული სისტემის შემთხვევაში, მსგავსი ინფორმაცია პირველივე საათებიდანვე საჯარო უნდა იყოს და ასევე, სისტემატურად განახლებადი.

რაც ასევე თვალსაჩინო იყო, ეს იყო ზოგადად, სხვადასხვა უწყებებს შორის კომუნიკაციის არარსებობა ან ძალიან არაეფექტური კომუნიკაცია, და უფრო მეტიც, ინფორმაციის დამალვა.

ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ასობით ადამიანმა მიიღო მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი და  ამ მიმართულებით სახელმწიფომ და ჯანდაცვის სამინისტრომ საერთოდ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა. ვფიქრობ, რომ მათ საერთოდ არაფერი სმენიათ მსგავსი სტრესული სიტუაციების დროს დაზარალებულთათვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის აუცილებლობაზე.

- შეიძლება თუ არა დავასკვნათ, რომ სახელმწიფო და კერძოდ, ჯანდაცვის უწყება არ არის მზად მსგავსი საგანგებო სიტუაციების სამართავად?

- სამწუხაროდ, ყველაფერი რაც ვთქვი, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არ არის მზად რომ ეფექტურად მართოს და უზრუნველყოს  საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოება  სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს, იქნება ეს სახალხო მღელვარება, ბუნებრივი კატაკლიზმი, აქციის დარბევა თუ  - ყოველწლიური სეზონური გრიპის შემოტევა.  ჯანდაცვის სამინისტრო არ მოქმედებდა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, როგორც ეს უნდა ხდებოდეს მსგავსი სიტუაციების დროს. ასევე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჯანდაცვის უწყების მაღალჩინოსნები შეგნებულად მალავდნენ ინფორმაციას დაზარალებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

- თქვენ ახსენეთ, სეზონური გრიპის შემოტევა და ეპიდემიის მართვა. მხედველობაში გაქვთ წლევანდელი გრიპის მართვა 2018-2019 წლის ზამთარში?

- კი, მხედველობაში მაქვს წლევანდელი სეზონური გრიპის შემოტევა. მსგავსი   სეზონური  გრიპის  შემოტევებისთვის ქვეყანა უნდა იყოს მზად და ამისთვის, ბუნებრივია,  ქვეყანა უნდა ემზადებოდეს გაცილებით ადრე სეზონური გრიპის დაწყებამდე, გაცილებით ადრე.  რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით 2018 და 2019 წლის დეკემბერ-იანვარში, ეს იყო სრული დაბნეულობა და  ქაოსი ჯანდაცვის სისტემაში.

როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფოს არ ჰქონდა საჭირო  ვაქცინებისა და ანტივირუსული წამლების მარაგი. შეგახსენებთ, რომ  „ტამიფლუ“, არ იყო ხელმისაწვდომი ან  იყიდებოდა გაორმაგებულ ფასში. ამ დროს კი,  მთავრობის გადაწყვეტილება - ანტივირუსული წამალი გაცემულიყო უფასოდ, განხორციელდა მხოლოდ 5 იანვარს, ანუ 1.5 თვის შემდეგ, როცა ვირუსის გავრცელების პიკი დაბლა წამოვიდა ისედაც, ხოლო გადამყიდველებმა ხალხის ხარჯზე დიდი მოგება ნახეს.  

- ფიქრობთ რომ ჯანდაცვის უწყება სათანადოდო არ მოემზადა გრიპის სეზონისთვის?

- ფაქტია, რომ გრიპის მართვასთან დაკავშირებითაც, პროცესები წარიმართა  სერიოზული ხარვეზებით და ჩავარდნით.  ყველგან იგრძნობოდა,  რომ სახელმწიფო და კერძოდ, ჯანდაცვის უწყება ამისთვის მზად არ იყო.  სამინისტროს პირველ რიგში,  უნდა ჰქონდეს,  მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია, რას აკეთებ ასეთ პერიოდებში.  ასევე, უნდა ჰქონოდა საჭირო მარაგები.  სახელმწიფო გვეუბნება, რომ მას  ჰქონდა 41 000 ვაქცინა და  კიდევ 15 000 მიაწოდა კერძო  სექტორმა. ჯამში  56 000  ვაქცინა გრიპის სეზონისთვის, რაც არ ყოფნის  საქართველოს მოსახლეობის   2% -საც კი.   ახლა გავაკეთოთ  შედარება სხვა ქვეყნებთან. მაგალითად, აშშ-ში წელს,  სეზონური გრიპისთვის მზადება დაიწყო გაცილებით ადრე და  შესაბამისად  160 მილიონ  ვაქცინაზე მეტი იქნა მომზადებული ქვეყანაში, რაც მათი მოსახლეობის თითქმის 60 % - ზე მეტია.  შორს რომ არ წავიდეთ, ასევე შევადაროთ ჩვენსავე მზაობას 2009 -  2010 წლის ღორის გრიპის შემოტევისთვის: სამინისტროს მიერ შესყიდული ოსელტამივირ ფოსფატი (დაუფასოებელი ფხვნილის სახით) - 105 000 სამკურნალო დოზა, რელენზა (ზანამივირი) - 26 470 სამკურნალო დოზა, WHO-ს მიერ გადმოცემული ტამიფლუ 20 000 კოლოფი (სამკურნალო დოზა). როგორც ვხედავთ, მაშინ, უფრო მწირი ბიუჯეტის ფარგლებში,  საჭირო პრეპარატების  გაცილებით დიდი მარაგი იყო შესყიდული,  ვიდრე დღეს 10 წლის შემდეგ.