კახეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მომღერალ როსტომ საგინაშვილს ესტუმრა, რომელიც კოსმოსში გაგზავნილი ერთადერთი ქართული პოლიფონიური სიმღერის, "ჩაკრულოს" შემსრულებელია.
41 წლის წინ, 1977 წელს,Voyager 1-სა და Voyager 2-ის მიერ კოსმოსში გაგზავნილი "ოქროს ფირფიტა" მოიცავდა ქართულ პოლიფონიურ სიმღერა "ჩაკრულოს", რომელსაც როსტომ საგინაშვილი და ილია ზაქაიძე ასრულებდნენ.
მე-20 საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს, ლეგენდარულ ამერიკელ მეცნიერსა და ტელეწამყვანს კარლ საგანს გაუჩნდა იდეა, NASA- თან ერთად განეხორციელებინა პროექტი. დედამიწიდან უნდა გაეშვათ რაკეტა, რომელზეც დატანილი იქნებოდა დიდი ინფორმაცია დედამიწის და მისი მობინადრეების შესახებ. შეიქმნა ე.წ. “ოქროს დისკი”. ამ დისკზე დაიტანეს დედამიწის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის: მათემატიკური ფორმულები, ადამიანებისა და ცხოველების ფოტოები, ბუნების სხვადასხვა მოვლენები, და სკურპულოზურად შერჩეული 27 მუსიკალური ნაწარმოები. დედამიწის პრეზენტაციისთვის, 27 მუსიკალურ ნაწარმოებში ქართული ხალხური პოლიფონიური საგანძური, „ჩაკრულოც“ შევიდა.
საბჭოთა მაღალჩინოსნებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პროექტში მოხვედრილიყო პოპულარული რუსული სიმღერა, “მოსკოვის საღამოები” (პოდმოსკოვნიე ვეჩერა). მიუხედავად მათი მცდელობისა, NASA-ში ეს სიმღერა არ მიიჩნიეს იმ დონის შედევრად, რომ ზემოთ აღნიშნულ პროექტში განეთავსებინათ. სწორედ ასე მოხვდა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ყველაზე მნიშვნელოვან კოსმოსურ პროექტში.
აღსანიშნავია, რომ "ვოიაჯერის" ჩანაწერების 78% მულტიკულტურულ მუსიკალურ ფორმებს მიეძღვნა. დასავლური კლასიკური მუსიკიდან წარმოდგენილია ბახი, ბეთჰოვენი, მოცარტი და სტრავინსკი. დასავლური მსუბუქი მუსიკის წარმომადგენლები იყვნენ - ჩაკომ ბერი, ლუი არმსტრონგი. დანარჩენი კი ინდური, ჩინური, იავური და იაპონური კლასიკური მუსიკა. ასევე პერუს, ბულგარეთის, ავსტრალიის, აფრიკის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხური მუსიკა. სოლომონის კუნძულებისა და ახალი გვინეის რიტუალური სიმღერებიც შესულია ჩანაწერში, რომლებიც ქვის ხანის ადამიანის სიმღერას ჰგავს.