ENG / RUS       12+

ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი

"ჩვენ ზედმეტად გვიყვარდა ერთმანეთი"

 

ელიზაბეტ ტეილორისა და რიჩარდ ბარტონის ურთიერთობას "საუკუნის რომანს" უწოდებენ. პირველ რიგში, იმიტომ რომ ორივე უდიდესი ვარსკვლავი იყო, მაშინ პაპარაცების ერა მხოლოდ იბადებოდა და სწორედ მათი "ლავსთორი" იქცა ეპოქის მთავარ მოვლენად. 

მეორეც, ორი ვარსკვლავის რომანი არა მხოლოდ მღელვარე, ეკრანიზაციისთვის სრულიად მისაღები აღმოჩნდა. გიჟური სიყვარული, კამათი, ჩხუბი, განშორება და შეერთება - შეყვარებულებმა ორჯერ იქორწინეს და ორჯერ გაიყარნენ. ერთად მონაწილეობდნენ ოსკაროსან ფილმებში და ამაყად პოზირებდნენ წითელ ხალიჩებზე. ცხოვრობდნენ მხოლოდ ძვირადღირებული სასტუმროების ნომრებში, საიდანაც ხშირად ჩხუბის ხმაც კი გამოდიოდა. 

წყვილს მილიონობით ჰონორარი ჰქონდა. გულუხვი რიჩარდ ბარტონი  ელიზაბეტთან ყოველი ჩხუბის შემდეგ მისთვის ძვირადღირებულ სამკაულებს ყიდულობდა.  

ელიზაბეტ ტეილორი ჰოლივუდის ჭეშმარიტ ლეგენდებს, მსოფლიოს ყველა დროის ცნობილ მსახიობებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებს. რიჩარდთან შეხვედრამდე მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დრამატული მსახიობის რეპუტაცია. იმ დროისთვის საბედისწერო ლამაზმანი უკვე ოთხჯერ იყო გათხოვილი (სულ მის ცხოვრებაში რვა ქორწინება იყო, მათგან ორი _ ბარტონთან). ბარტონი კი სახასიათო მსახიობის რეპუტაციით სარგებლობდა, ის სცენაზეც და ცხოვრებაშიც ტემპერამენტიანი და აგრესიული გახლდათ. ბარტონი ალკოჰოლის მოყვარული იყო და არასდროს ცდილობდა, კორექტული ყოფილიყო. 

მღელვარე რომანი, რომელსაც მთელი მსოფლიო თვალყურს ადევნებდა, რომში ფილმ "კლეოპატრას" გადაღებებზე, 1962 წლის იანვარში დაიწო. ჰოლივუდი ყველაზე ძვირადღირებულ ფილმს იღებდა, სადაც კლეოპატრასა და მარკ ანტონიუსის როლებს ასრულებდნენ ვარსკვლავები, რომელთა ცხოვრება გაჯერებული იყო მილიონობით ჰონორარით, ელიტური ბრწყინვალებით, ბრილიანტებითა და იახტებით.

1961 წელს 37 წლის ბარტონს "ბრიტანელი ბრანდო" უწოდეს. მისი ქორწინება მსახიობ სიბილ უოლესთან ბედნიერად დაიწყო, წყვილს ორი შვილი ჰყავდა. 29 წლის ტეილორი კი მომღერალ ედი ფიშერზე იყო გათხოვილი. გადაღებებზე გაჩენილმა ვნებამ ისე ჩაითრია მსახიობები, რომ ისინი არც კი ცდილობდნენ თავიანთი სიყვარულის დამალვას. ყურადღებას არავის აქცევდნენ და სასიყვარულო სცენის დასრულების შემდეგაც კი აგრძელებდნენ ერთმანეთის კოცნას. სადაც კი შესაძლებლობა ეძლეოდათ, ყველგან სექსით კავდებოდნენ. უზომოდ ბევრ ალკოჰოლს სვამდნენ და აღვირახსნილ, ცოდვებით სავსე ცხოვრებაზე უარს არ ამბობდნენ. 

პრესის მიერ ატეხილი ხმაურის შედეგად ვატიკანმა ოფიციალურად დაგმო ლიზისა და რიჩარდის ურთიერთობა. მათ განშორებაც სცადეს, მაგრამ ერთმანეთის მიმართ გიჟური ვნება ამის საშუალებას არ აძლევდათ. 

სიყვარულისგან დაბრმავებული ბარტონი თავის წერილებში, რომლებიც შემდეგ ბესტსელერად იქცა, წერდა: 

"ჩემს საწყალ მტანჯველ სიყმაწვილეში, მე მხოლოდ ასეთ ქალზე ვოცნებობდი. და ახლა, როდესაც ოცნება უფრო და უფრო ახლოსაა, ხელს ვუწვდი და ვხვდები, რომ ჩემი ოცნება აქაა, ჩემს გვერდით. თუ თქვენ არ შეხვედრიხართ, ან არ გინახავთ ის, ძალიან ბევრი დაგიკარგავთ ცხოვრებაში"

ბოლოს და ბოლოს, ორივე დაშორდა ოფიციალურ მეუღლეს. მათ 1964 წელს იქორწინეს. ბარტონი ცოლს ბრილიანტებით ავსებდა, არწმუნებდა, რომ მას დრამატული მსახიობის პოტენციალი ჰქონდა. ისინი კინომწარმოებლებს მილიონობით ჰონორარს სთხოვდნენ და დიდი ვარსკვლავების ლეგენდას ქმნიდნენ. მათ ერთად 11 ფილმში ითამაშეს, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი "კლეოპატრა" და "ჭირვეულის მორჯულებაა".

ორი გენიალური დრამატული მსახიობის პირადი ცხოვრება დაუოკებელი ვნებებით, ეჭვიანობითა და ალკოჰოლით იყო სავსე. 

"შესაძლოა, ჩვენ ზედმეტად გვიყვარდა ერთმანეთი... არასდროს მიფიქრია, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა",- წერდა თავის დღიურებში ლიზ ტეილორი.

1973 წლის ივლისში მან განაცხადა:

"მე და რიჩარდი რაღაც დროით ერთმანეთს ვშორდებით. შესაძლოა, ჩვენ ზედმეტად გვიყვარდა ერთმანეთი... ილოცეთ ჩვენთვის!",- განქორწინება 1974 წლის ივნისში შედგა. 

ცალ-ცალკე ცხოვრება აუტანელი გახდა. 16 თვის შემდეგ ისინი ისევ დაქორწინდნენ. მეორე ქორწინება 1975 წლის ოქტომბრიდან 1976 წლის ივნისამდე გაგრძელდა. 

რიჩარდ ბარტონი გულის შეტევით 1984 წლის აგვისტოში გარდაიცვალა. მისი სიკვდილი ელიზაბეტისთვის საშინელ ტრაგედიად იქცა, იმის მიუხედავად, რომ მას უკვე სხვა მამაკაცი ჰყავდა.

ასაკის მატებასთან ერთად, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაც უარესდებოდა. 1997 წელს მას თავის ტვინის სიმსივნე ამოკვეთეს. მანამდე ტეილორი საავადმყოფოში გულის არითმიის დიაგნოზითაც მოათავსეს. ელიზაბეტ ტეილორი 79 წლის ასაკში, 2011 წლის მარტში გარდაიცვალა. 

მაკა სვიმონიშვილი, "ჯი-ეიჩ-ენი"