„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიის შენობაში მივიდა.
როგორც სალია ამბობს, გუშინაც ჰქონდა დიალოგის მცდელობა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, სალიას თქმით, ჯერჯერობით ამას არ აპირებს და სურს, ტელევიზიის თანამშრომლები გაიცნოს და ტელევიზიაში არსებულ ფინანსურ სიტუაციას გაეცნოს.
"გუშინ სწორედ ამ მიზნით მოვედი, რომ დამეწყო კომპანიაში არსებული ვითარების გაცნობა. პირველ რიგში გამეგო თანამშრომლების ვინაობა და შემდგომ უკლებლივ ყველას შევხვედროდი, და პარალელურად დაგვეწყო იმ საკითხებზე მუშაობა, რაც აუცილებელია კომპანიის ყოველდღიური შეუფერხებელი საქმიანობისთვის. დღესაც იგივე მიზნით ვარ მოსული. გუშინ განმიცხადეს, რომ სამუშაო საათები დასრულებულია და ადამიანები, ვინც ამ ფუნქციებს ასრულებდნენ წასულები იყვნენ. შესაბამისად, მოვედი ისეთ დროს, როცა ვვარაუდობ, რომ ყველა ადგილზე უნდა იყოს. შევალ და გავესაუბრები",- განაცხადა პაატა სალიამ.