ევროკავშირი მკაცრად გმობს თურქეთის უკანონო ბურღვით საქმიანობას კვიპროსის დასავლეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვაში.
გუშინ, 15 ივლისს ევროპის საბჭომ მიიღო განცხადება თურქეთის არალეგალური საქმიანობის შესახებ კვიპროსის ტერიტორიულ წყლებში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, შეეწყვიტა თურქეთს არალეგალური ბურღვითი საქმიანობა კვიპროსის ტერიტორიული წყლების დასავლეთ ნაწილში, ანკარა კვლავ აგრძელებს ამ საქმიანობას.
გარდა ამისა, თურქეთმა წამოიწყო კვიპროსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ბურღვა და არღვევს კვიპროსის სუვერენიტეტს.
ევროკავშირი კვლავინდებურად მოუწოდებს თურქეთს, თავი შეიკავოს ამგვარი ქმედებებისგან, განიმსჭვალოს კეთილმეზობლური სულისკვეთებით და პატივი სცეს, როგორც კვიპროსის სუვერენიტეტს, ასევე საერთაშორისო სამართალს.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ შეახსენებს თურქეთს, რომ მისი ეს ქმედებები ნეგატიურად აისახება ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობებზე.
„თურქეთის მიერ უკანონო ბურღვითი ღონისძიებების განხორციელების ფონზე, ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს მოლაპარაკებები საჰაერო ტრანსპორტის ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე. ასევე, ევროკავშირი აუქმებს ანკარასთან ასოცირების საბჭოს შეხვედრას და მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში სხვადასხვა შეხვედრებს.
გარდა ამისა, ევროპის საბჭო მხარს უჭერს ევროკომისიის წინადადებას, თურქეთისთვის 2020 წლისთვის გათვალისწინებული დახმარების შემცირებასთან დაკავშირებით. ასევე მოვუწოდებთ ევროპის საინვესტიციო ბანკს, გადახედოს თურქეთში თავის საკრედიტო საქმიანობას“, - აღნიშნულია ევროპის საბჭოს განცხადებაში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭო მიესალმება, კვიპროსის ხელისუფლების მზაობას, აწარმოოს მოლაპარაკებები თურქეთთან, რათა მოახდინონ სპეციალური ეკონომიკური ზონების და კონტინენტური შელფის დელიმიტაცია, დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით, საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით.
ევროპის საბჭო ყურადღებით დააკვირდება მოვლენების განვითარებას და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.