ავსტრიის პარლამენტმა კანცლერ სებასტიან კურცსა და მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2017 წელს გადაღებული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა.
ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ სებასტიან კურცის მოადგილე, ვიცე-კანცლერი ჰაინც ქრისტიან შტრახე რუს ბიზნესმენთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და არჩევნებში გამარჯვების სანაცვლოდ სამთავრობო კონტრაქტების გაფორმებას სთავაზობს.
სკანდალური ვიდეოჩანაწერის გამო, ვიცე-კანცლერი შტრახე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.
კანცლერისა და მთავრობის უნდობლობის ვოტუმს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატების პარტიამ და მემარჯვენა რადიკალურმა თავისუფლების პარტიამ.
კანცლერისა და მთავრობის დათხოვნის შემდეგ, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, მანამდე კი პრეზიდენტი დანიშნავს კანცლერს, რომელიც არჩევნების ჩატარებამდე დროებითი მთავრობის ფორმირებას უზრუნველყოფს.