მომავალში ჩვენ ასევე ვაპირებთ ამ მმართველობითი სისტემის დახვეწაზე ზრუნვის გაგრძელებას იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ შემოგთავაზებთ მომავალში გარკვეულ ცვლილებებს, - ასე პასუხობს განათლების მინისტრის პირველი მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ, კულტურის სფეროს სსიპ ორგანიზაციების გაერთიანებასა და მოდერნიზებასთან დაკავშირებით მწერლების პროტესტს.
გიორგაძე განმარტავს და ამბობს, რომ სამინისტროში რეფორმის მორიგი ეტაპი დაიწყო, რაც ევროპული საჯარო დაფინანსების სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, სამინისტრომ თავის მმართველობის სისტემაში რეფორმის მორიგი ეტაპი გამოაცხადა, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ სამინისტროების გაერთიანებამდე. ვგულისხმობ საჯარო დაფინანსებაზე, პრაქტიკულად, მთლიანად გადასვლას სწორედ რომ ევროპული საჯარო დაფინანსების სტანდარტების მიხედვით. დღეს რეფორმების მორიგი ეტაპი გულისხმობს მმართველობითი სისტემის, მისი ეფექტურობის გაუმჯობესებას, სხვადასხვა სექტორული ან დარგობრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირების გაერთიანებით. მომავალში ჩვენ ასევე ვაპირებთ ამ მმართველობითი სისტემის დახვეწაზე ზრუნვის გაგრძელებას იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ შემოგთავაზებთ მომავალში გარკვეულ ცვლილებებს,“ - განაცხადა გიორგაძემ.
უწყების ინფორმაციით, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების სსიპ ორგანიზაციების მოდერნიზაციის, მართვის გაუმჯობესების მიზნით, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული პრიორიტეტების თანახმად, სამინისტროს სისტემაში არსებული მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებები გამსხვილდება და გაძლიერდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი" და სსიპ "მწერალთა სახლი" ერთიანდება.